თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთნის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, პაციენტი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.
გუშინ ახალციხის კლინიკა „იმედში“ ჩატარებული ვაქცინაციის შემდეგ ერთ-ერთი ექთანი აცრიდან 30 წუთში კომაში ჩავარდა. ის დაუყოვნებლივ რეანიმაციაში მოათავსეს, მოგვიანებით კი პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ინექციიდან 24 საათში პაციენტს განმეორებითი კვლევები ჩაუტარდება. ექთანს ვაქცინაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ძლიერი ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა.
„პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ჯერ ცოცხალია. ვნახოთ, 24 საათში რა იქნება. მდგომარეობა დილით შედარებით სტაბილურია, თუმცა – მძიმე“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
საქართველოში ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრას იკეთებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე 3 ათასამდე ადამიანი აიცრა.