05:26 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
281 0 0

მძღოლებმა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სავალი ნაწილი გადაკეტეს, ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. თბილისის, გორის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის და თელავის ქუჩებში ავტომობილების მფლობელებმა და ტაქსის მძღოლებმა საწვავის გაძვირება გააპროტესტეს.

მძღოლებმა გარკვეული დროით რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

მომიტინგეები ხელისუფლების წარმომდგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ. ავტომობილისტები აცხადებენ, რომ გაფრთხილებისა და გასულ კვირას გამართული საპროტესტო აქციის მიუხედავად, საწვავის ფასებმა არა თუ დაიკლო, პირიქით, უფრო მეტად მოიმატა.

ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

„ერთი საათია ველოდებით პასუხს. ჩვენ თვითონ არ მოგვწონს გზის გადაკეტვა, მაგრამ ისინი მარტო თავებს ითვლიან, აქ არავინ არ მოდის“, - განაცხადა თბილისში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები აპირებენ აქციების გაგრძელებას მანამ, სანამ მთავრობა საწვავზე ფასების ზრდის საკითხს კონტროლზე არ აიყვანს.

საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა, არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ.

ნავთობის იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 28 თებერვლისთვის ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი ბენზინის ფასია: პრემიუმის — 2,55-2,63 ლარი, რეგულარის — 2,37-2,42 ლარი, ევრო დიზელის - 2,53-2,63 ლარი.

21 თებერვლის შემდეგ საწვავის ფასებმა საშუალოდ 4 თეთრით მოიმატა.

მთავარი თემები