21:06 05 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4985
  • USD3.3190
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
382 0 0

ავტომობილის მძღოლები და აქტივისტები საწვავზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მძღოლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საწვავზე გაზრდილი ფასები საავტომობილო მსვლელობით გააპროტესტეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

აქციის მონაწილეები საწვავის ფასის შემცირებასა და ამ მიმართულებით ხელისუფლებისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. ავტომფლობელების თქმით, რომელთა შორის არიან ტაქსის და მიკროავტობუსების მძღოლები, ბოლო 3-4 კვირაში საწვავის ფასი საშუალოდ 40 თეთრით გაიზარდა, რაც მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

აქციის მონაწილეები რიყის პარკთან იკრიბებიან, საიდანაც საპროტესტო მსვლელობით რესპუბლიკის მოედნისკენ გაემართებიან.

„მკვეთრად გაიზარდა საწვავის ფასები. ასეთ პირობებში მიკროავტობუსების და ტაქსების მუშაობა შეუძლებელია. მაშინ ჩვენც უნდა გავაძვიროთ მგზავრობის საფასური. მაგრამ რა აზრი აქვს? მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ ჩვენი ტრანსპორტით გაძვირების გამო“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ბათუმის ქუჩებში მსუბუქი ავტომობილების მძღოლებმა საავტომობილო მსვლელობა გამართეს, მათ სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებიც შეუერთდნენ. ისინი საყვირების გამოყენებით გადაადგილდებოდნენ, მოგვიანებით კი რაგბის სტადიონის სადგომზე შეიკრიბნენ.

საწვავის ფასების ზრდის გასაპროტესტებლად საავტომობილო მსვლელობა მოეწყო ქუთაისშიც. ავტომობილის მძღოლებმა და აქტივისტებმა  ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს, სიგნალებით მერიასთან შეჩერდნენ და გზა გადაკეტეს, რასაც ხმაური მოყვა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მოქალაქეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებენ. აქციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა, არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ.

ნავთობის იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი ბენზინის ფასია: პრემიუმის — 2,51-2,59 ლარი, რეგულარის — 2,32-2,38 ლარი, ევრო დიზელის - 2,49-2,59 ლარი.

 

მთავარი თემები