თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა – 2020 წელს ქვეყანაში 1106 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც 0,9%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.
რა უწყობს ხელს ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდას, საიდან შემოაქვთ და რა ღირს ბენზინი და დიზელის საწვავი საცალო ქსელში – ამის შესახებ „Sputnik-საქართველო“ გესაუბრებათ.
საიდან და როგორ შემოდის?
საწვავი საქართველოში სარკინიგზო გზით და ზღვით შემოდის. ყველაზე მსხვილი მომწოდებელია რუსეთი, საიდანაც მთლიანი საწვავის 31% შემოდის. რუსეთიდან 2020 წელს შემოიტანეს 342,8 ათასი ტომა საწვავი - 2019 წელთან შედარებით 3,9%-ით მეტი, იუწყებიან საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
რუსეთის გარდა, საწვავი შემოდის აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, თურქმენეთიდან და სხვ.
„რუსეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის უმსხვილესი მომწოდებელია. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქიდან მხოლოდ დიზელის საწვავი შემოდის და ის ამ პროდუქტის უმსხვილესი მიმწოდებელია", - განაცხადეს კავშირში.
რატომ გაიზარდა ნავთობპროდუქტების იმპორტი
ბენზინის იმპორტმა 2020 წელს შეადგინა 540,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის - 565,6 ათასი ტონა. ბენზინის იმპორტი შემცირდა 0,7%-ით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა 2,5% -ით, განაცხადეს საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
„საწვავის იმპორტის ზრდა, ძირითადად, განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის ზრდით, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელთა წახალისების სახელმწიფო პროგრამას, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდ მოცულობას და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მოძრავი სატრანსპორტო-სატვირთო საშუალებების რაოდენობის ზრდას“, – აღნიშნეს კავშირში.
რაც შეეხება ბენზინის იმპორტის შემცირებას - ფაქტობრივად ეს განპირობებულია COVID-19 პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს, მათ შორის, დისტანციური სწავლებისა და მუშაობიდან გამომდინარე სატრანსპორტო მიმოსვლის შემცირებით, აღნიშნეს კავშირში.
საწვავის ფასი
საქართველოში დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ.
ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი ბენზინის ფასია: პრემიუმის — 2,44-2,53 ლარი, რეგულარის — 2,28-2,38 ლარი, ევრო დიზელის - 2,43-2,53 ლარი.
საქართველოში ბოლო ორ თვეში საწვავის ფასი საშუალოდ 15 თეთრით გაიზარდა.