თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება ყველასთვის რეკომენდებული არაა – ვაქცინას ვერ ჩაიტარებენ 18 წლამდე და 80 წელს ზემოთ პირები, ასევე ორსულები, განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი განმარტებით, ჯერჯერობით ამ კატეგორიის ადამიანებზე ვაქცინის ზემოქმედების კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომაც იმუნიზაცია რეკომენდებული არაა.
რაც შეეხება ვაქცინის გვერდით მოვლენებს, სპეციალისტის თქმით, ბოლომდე ეს საკითხიც არ არის შესწავლილი, თუმცა გვერდითი მოვლენები ნებისმიერ მედიკამენტს შეიძლება ჰქონდეს.
„არ არსებობს დედამიწაზე წამალი, რომელსაც უკუჩვენება არ აქვს, ეს ნორმალური პროცესია. აქ საუბარია, რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს უკუჩვენება. ეს ახალი ვაქცინაა, მასზე ბევრი ინფორმაცია არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით, ესაა ისრაელის მაგალითი, სადაც მთელი ინფორმაციაა შეგროვებული – ვისთან რა გვერდითი მოვლენები გამოიწვია. სასიხარულოა, რომ არ არის ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორსაც თავიდან ველოდით“, – განაცხადა ფხაკაძემ.
მისი თქმით, ვიდრე ვაქცინა საქართველომდე მოაღწევს, მანამდე პრეპარატთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილი გახდება.
ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კარგად ასრულებს ჯანმოს რეკომენდაციებს, სწორედ ამიტომაც ქვეყანამ თითქმის ვერ იგრძნო ინფექციის პირველი ტალღა.
„როდესაც ჩვენ არ დავუჯერეთ ჯანმოს, მივიღეთ ნოემბერი. ჩვენ გვქონდა არჩევნები და თქვენ კარგად იცით, რაც მოხდა. ჩვენ მივყვებით ჯანმოს რეკომენდაციებს, რაც ძალიან კარგია. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემია არსად წასვლას არ აპირებს. ჩვენ შედარებით მსუბუქი ზაფხული გვექნება და არ იქნება დიდი სიკვდილიანობა. ვირუსის გავრცელება იქნება, მაგრამ არა მძიმე“, – განაცხადა ფხაკაძემ.
საქართველოს მთავრობაში პირობას დებენ, რომ საქართველო 18 ქვეყანას შორის პირველი იქნება, რომელიც უახლოეს დროში Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს.
საქართველომ წელს 1,4 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს COVAX-ის პლატფორმიდან. გეგმის თანახმად, საქართველოს 3,9 მილიონი დოზა სჭირდება, რის მისაღებადაც ინტენსიური და ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებელთან.
საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც თანახმა არიან აიცრან, 50-დან 60%-მდე მერყეობს. ეკონომიკის სრულად გასახსნელად საჭიროა ზრდასრული მოსახლეობის არანაკლებ 60%-ის აცრა. ამას შესაძლოა 164 მილიონი ლარი დასჭირდეს.
პრიორიტეტული ჯგუფები ვაქცინაციისთვის უკვე განსაზღვრულია და შემდეგნაირად გადანაწილებული: ჯერ ჯანდაცვის სექტორი, შემდეგ თავშესაფრების პერსონალი და ბენეფიციარები, 75 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 65-დან 74 წლამდე მოქალაქეები, ასევე 55-64 წლის მოქალაქეები, 18-დან 54 წლამდე ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობა. უკვე ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის აცრა, მათ შორის, საქართველოს იმ მოქალაქეებისაც, რომელთაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი.