თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს მთავრობას კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესაკავებლად ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განვითარებაში ეხმარება, ნათქვამია ADB-ს განცხადებაში.
საქართველო ვაქცინაციისთვის მზადაა – პრემიერი>>
გასული წლის მაისსა და ოქტომბერში ბანკმა დაავადების გავრცელების შესაკავებლად და საქართველოს საჯარო ფინანსური მართვისა და სოციალური დაცვის სისტემების გასაძლიერებლად, შესაბამისად, 100 მილიონი და 200 მილიონი დოლარის ოდენობის სესხები დაამტკიცა. გასული წლის აგვისტოში ADB-მ ასევე გამოყო გრანტი PCR ტესტის დანადგარის შესაძენად, რათა გაუმჯობესდეს ვირუსის ტესტირება, აღმოჩენა და გავრცელების შეკავება.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის მიერ 21 იანვარს დამტკიცებული ვაქცინაციის ეროვნული გეგმით შესაძლებელი გახდება ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანა, ვაქცინაციის განხორციელება და ზედამხედველობა. აზიის განვითარების ბანკმა გაეროს ბავშვთა ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა პარტნიორებთან ერთად გეგმის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გეგმა ვაქცინაციის სამართლებრივ, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ ასპექტებს მოიცავს, ასევე ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის მიზნობრივი პრიორიტეტული ჯგუფების შერჩევის პროცესებს.
„აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით სამინისტრომ შეძლო სწრაფად მოეხდინა ექსპერტების მობილიზება და სრულყოფილი გეგმის შექმნა, რომელიც დაგვეხმარება 2021 წლის ბოლომდე საქართველოს 1.7 მილიონი მოქალაქის ვაქცინაციით უზრუნველყოფაში“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
აზიის განვითარების ბანკში აცხადებენ, რომ ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური და ტექნიკური დახმარების პაკეტი საქართველოს კორონავირუსით მიყენებული ზიანის შემცირებაში დაეხმარება.
„გეგმის წყალობით საქართველო კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობისგან მოსახლეობის დაცვასა და ეკონომიკის სრულად გახსნას შეძლებს“, – აღნიშნა ADB-ს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.
ADB-ს მიზანია ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, სტაბილურ განვითარებას. ამავდროულად ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.
ADB საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია.