თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. შეზღუდვების მოხსნის გზა არის არა მოთხოვნები, საპროტესტო აქციები და პრეტენზიები, არამედ ვაქცინაცია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
გასულ კვირაში თბილისში თითქმის ყოველდღე იმართებოდა საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეები შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდნენ. ქუჩაში გამოვიდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, ანიმატორები, რესტორატორები, კურიერები, ფიტნეს-ცენტრების მფლობელები და რიგითი მოქალაქეები. მათ ჰქონდათ ერთი მოთხოვნა: „არ გვსურს გაკოტრება ან შიმშილით სიკვდილი, მოგვეცით მუშაობის საშუალება“.
ცერცვაძემ აღნიშნა, რომ პანდემიასთან წარმატებულად ბრძოლის გზა ცალსახად საყოველთაო ვაქცინაციაზე გადის.
„ისრაელმა 1 200 000 კაცს განმეორებითი აცრა გაუკეთა და მიღებულია ბრწყინვალე შედეგი. 2,5 მილიონი აცრილი ადამიანიდან ავად გახდა სულ 20 ადამიანი – 0.01%, დანარჩენს კოვიდი არ დაემართა. ეს არის უნიკალური შედეგი, რომელიც პირდაპირ გვიმტკიცებს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ ყველანაირი ცრურწმენები, ყველანაირი პოლიტიკური მოტივები, რელიგიური, სამედიცინო მოტივები და უნდა ვიცოდეთ, რომ ვაქცინაცია არის აბსოლუტურად უსაფრთხო, ვაქცინაცია არის ეფექტიანი“, - განაცხადა ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში.
მისი თქმით, ვაქცინის ეფექტურობა უკვე 95%-ს აჭარბებს.
ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, რომელმაც თავადაც გადაიტანა კორონავირუსი, მოსახლეობას მიმართა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ შეზღუდვების მოხსნა „უნდა მოხდეს სიფრთხილით და კონკრეტული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით“.
„ხალხს უნდა, ერთბაშად მოიხსნას ყველა შეზღუდვა, ვინაიდან ხალხს გაუჭირდა, მათ შეუმცირდათ ეკონომიკური შემოსავალი, უჭირს ბიზნესს, უჭირს მთის კურორტებს, უჭირს სარესტორნო ბიზნესს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმოქმედობა დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას გადაადგილების კუთხით და მოითხოვენ, მათ შორის საპროტესტო აქციების ფორმით, რაც არ მიმაჩნია გამართლებულად, შეზღუდვების მოხსნას“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, თუ ვაქცინაციაზე იქნება თანახმა მოსახლეობის არა 40, არამედ 60-65%, სწორედ ეს განაპირობებს პანდემიის პრაქტიკულად სრულ დამარცხებას და, შესაბამისად, ყველა შეზღუდვის მოხსნას.
ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ბოლო კვირაში მიღწეულია სტაბილური ეპიდვითარება, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 3,4%-მდე შემცირდა.
31 იანვარს კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 3,8%-ს შეადგენს, 30 იანვარს კი ის 3,4%-ს უდრიდა.