თავისუფლების მოედანზე დაახლოებით ორასი ადამიანი შეიკრიბა და მსვლელობა მოაწყო მთავრობის კანცელარიისკენ. ეს ძირითადად ტურისტული და სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები არიან.
„უმარტივესია მოთხოვნა – მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა. 250 000 ადამიანს, რომელიც ამ სფეროში იყო დასაქმებული, მუშაობის შესაძლებლობა არ აქვს. ეს ხალხი, ვინც დღეს შეიკრიბა ულუკმაპუროდ არის დარჩენილი. გვინდა სწორი მესიჯი მივაწოდოთ ხელისუფლებას“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
დღესვე პროტესტის ნიშნად 200-მდე რესტორანმა 24 საათით მიტანის სერვისი შეაჩერა.
საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1 თებერვლიდან დაიწყება, რაც პირველ რიგში ბაზრობებსა და მაღაზიებს შეეხება. ამასთან აჭარაში ჩვეულ რეჟიმში ამუშავდება კვების ობიექტები, ხოლო რამდენიმე ქალაქში ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას. თუმცა ეს არ შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება მარტის დასაწყისში იგეგმება. ჯერჯერობით ასევე ნარჩუნდება აკრძალვა რესტორნებისა და კაფეების გახსნაზე, რომლებსაც მხოლოდ გატანაზე მუშაობის უფლება აქვთ.