04:36 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (272)
96 0 0

სკოლების გახსნის შემდეგ სახელმწიფო უზრუნველყოფს პედაგოგების სისტემატურ ტესტირებას კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. სავაჭრო ობიექტებმა და ბაზრობებმა, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების ან აღდგენის ნებართვა აქვთ, უნდა ჩაატარონ თანამშრომელთა სულ მცირე 20 პროცენტის ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე.

შეზღუდვები, რომელიც 1 თებერვლიდან გაუქმდება: სრული ჩამონათვალი>>

კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზარალი მიაყენა ქართულ ეკონომიკას, რაც პრაქტიკულად ყველა სფეროს შეეხო. ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ბიზნესი სტაგნაციაშია, ხოლო ვინც განაგრძობს მუშაობას, ყოველდღიურად იბრძვის გადარჩენისთვის. ვითარებას მოქმედი შეზღუდვებიც აღრმავებს. ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები სულ უფრო აქტიურად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას, რათა განახლდეს მუშაობა და ეკონომიკა გამოცოცხლდეს.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, შრომის ინსპექციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგებისა და ბიზნეს-სექტორის აქტიური მუშაობის შედეგად თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები დადგინდა (ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით). კერძოდ, დადგენილია მოთხოვნები თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობების და გარკვეული პერიოდებით ტესტირებასთან დაკავშირებით.

„ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნება ორ კვირაში ერთხელ უზრუნველყოს თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება კვების ობიექტებს, აქ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 50%-ის ტესტირება უნდა მოხდეს, აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. ამასთან, მისი თქმით, „სკოლების გახსნასთან ერთად პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებელთა სისტემატურ ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ“.

როდის განახლდება სავაჭრო ცენტრების, სკოლებისა და ტრანსპორტის მუშაობა სამ დიდ ქალაქში>>

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ბიზნესს უკვე დღეიდან აქვს საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და 1 მარტამდე ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თავისი თანამშრომლები.

„ასეთი დამოკიდებულება ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ბიზნესმა დაიცვას თავისი თანამშრომელი და მომხმარებელი და, ზოგადად, ქვეყანას აგვაცილოს ვირუსის უკონტროლო გავრცელება“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, არსებული შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე, ეპიდემიური ვითარება 15 თებერვლისთვის კვლავ შეფასდება. სიტუაციის გაუმჯობესების შემთხვევაში, კერძოდ, თუ ინფიცირების მაჩვენებელი შვიდი დღის განმავლობაში 4%-ზე ნაკლები იქნება, ხელისუფლება შეზღუდვების წერტილოვანი შემსუბუქების სტრატეგიას გააგრძელებს.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.

შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (272)

მთავარი თემები