გაბუნია: პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანი სამედიცინო პერსონალის 46 ათასი წარმომადგენლის აცრაა

© Facebook / Ministry of Health, Labour and Social Affairs of Georgiaჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ვაქცინაციისთვის ყველაფერი მზადაა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ ავტორიზებულ ვაქცინას მიიღებს ქვეყანა.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ჩვენი მიზანია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჯანდაცვის სფეროს 46 ათასი მუშაკის ვაქცინაცია მოხდეს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ვაქცინაცია COVID-19–ზე - Sputnik საქართველო
სად და როგორ ჩატარდება ვაქცინაცია: ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

საქართველოს მთავრობამ დღეს მოსახლეობის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის ერთგვარი გზამკვლევი იქნება. გაბუნიას განმარტებით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის აცრა იგეგმება.

„ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტით, ასევე ვაქცინაციით მოსახლეობის უმრავლესობა დაცული იყოს იმუნური პასუხით, რაც საბოლოოდ ეკონომიკის უსაფრთხოდ, ინფექციის გავრცელების ყოველგვარი რისკების გარეშე გახსნის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა გაბუნიამ.

ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში ცვალებად ფაქტორს მხოლოდ თავად ვაქცინები წარმოადგენს, რამდენადაც ჯერჯერობით უცნობია, რომელი და რა რაოდენობის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.

„დღეს ჩვენ ავტორიზებულ ვაქცინებზე ვსაუბრობთ – Pfizer, Moderna და Astrazeneca, თუმცა გეგმაში და შემუშავების პროცესშია რიგი პერსპექტიული ვაქცინები და არის შანსი, რომ უახლოეს თვეებში ისინი ავტორიზაციას მიიღბენ, რაც ვაქცინების ბაზარს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის“, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმუნიზაციის პროგრამა ეტაპობრივად განხორციელდება და პირველ რიგში მაღალი რისკის მქონე პირები აიცრებიან, რომელსაც შემდეგ სხვა ჯგუფები დაემატებიან. კერძოდ, პირველ ეტაპზე აიცრებიან ჯანდაცვის სექტორის მუშაკები – მთლიანობაში ეს 71 ათასი ადამიანია, საიდანაც იმუნიზაციის პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი 46 ათასია. 

ვაქცინაცია COVID-19-ზე  - Sputnik საქართველო
კოვიდ-ვაქცინებისგან სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა: ჯანმოს ექსპერტი

ჯანდაცვის სექტორის შემდეგ ვაქცინაციას დაექვემდებარებიან ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, ასევე 75 წლის ზემოთ პირები, შემდეგ 65-დან 75-მდე ასაკის პირები. მეორე ეტაპის ჯგუფში შედიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები, რასაც მოჰყვება 55-დან 64 წლის ასაკობრივი ჯგუფი, შემდეგ – ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლის ასაკობრივი ჯგუფის პირები. ამის შემდეგ უკვე რჩება მოსახლეობის სხვა ჯგუფები, მათ შორის ის პირებიც, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს. არ იგეგმება ბავშვების ვაქცინაცია. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.  

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს დასტური მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

ქვეყნის ეკონომიკის სრული გახსნისთვის აუცილებელია ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია, რისთვისაც დაახლოებით 164 მლნ ლარი იქნება საჭირო.

ყველა ახალი ამბავი
0