თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის შესაძლო გადაცემის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ ბრალი ოთხშაბათს დააზუსტა.
საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.
„დღეს ბრალის შესახებ დადგენილებაში ფრაზა - „დავალების მიღება“ გაჩნდა. თითქოს ბრალდებულთა ქმედებები განხორციელებული იყო სხვისი დავალებით. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია ამ ბრალდების მტკიცებულებები, მხოლოდ ორი სიტყვა დაემატა ბრალდების ფორმულირებაში. არანაირი დამატებითი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მელაშვილის ინტერესების დამცველმა ედუარდ მარიკაშვილმა.
ამასთან, პროკურორმა მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურას ბრალდების ახალი დეტალების მტკიცებულებები მოეპოვება.
„რაც შეეხება ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა, ყველაზე მთავარი ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. ეს არის აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც ვიზუალურად ადასტურებს როგორც დანაშაულის მოტივს, ისე მნიშვნელოვან გარემოებებს“, – განაცხადა სადრაძემ.
ამასთან, პროკურორი ამტკიცებს, რომ კარტოგრაფები ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ.
„უახლოეს დროში ჩვენ ფართო საზოგადოებას საქმის ყველა გარემოებაზე მოვუთხრობთ და ყველა მტკიცებულებას წარვუდგენთ“, – განაცხადა სადრაძემ.
ისინი სინდისის პატიმრები არიან: კარტოგრაფების საქმეზე არასამთავრობოებმა პეტიცია გაავრცელეს>>>
ამასთნ, პროკურორმა არ დააკონკრეტა, იგეგმება თუ არა ბრალის წარდგენა „ზემდგომი პირებისთვის“. მას არც მათი ვინაობა გაუმხელია.
ბრალდების ვერსიით, მელაშვილმა და ილიჩოვამ რუკების შედგენისას 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.