06:57 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (245)
1204 0 0

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, თითოეულ პაციენტზე დანახარჯი მსუბუქი პაციენტების შემთხვევაში საშუალოდ შეადგენს 1 200 ლარს, ხოლო მძიმე პაციენტების შემთხვევაში 3 000 ლარს და მეტს

თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა COVID-19-ის მართვის ფინანსური მექანიზმი, რომლის ფარგლებში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულიად უფასოა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის მართვა ვერ იქნებოდა ეფექტური, რომ არა ფინანსური რესურსების მობილიზება და სწორად განკარგვა.

„COVID-19-ის მართვის ბიუჯეტი 236 440 000 ლარია და ითვალისწინებს არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ ტესტირების, აღჭურვის, კარანტინის და სხვა მომსახურებების ხარჯების ანაზღაურებას. თითოეულ პაციენტზე დანახარჯი მსუბუქი პაციენტების შემთხვევაში საშუალოდ შეადგენს 1 200 ლარს, ხოლო მძიმე პაციენტების შემთხვევაში 3 000 ლარს და მეტს“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, რადგან ერთდროულად არ მოახდინა ჰოსპიტალური საწოლების მობილიზება.

„ჩვენ  მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არსებული პასუხისმგებლობის გარდა, გვაქვს სხვა პასუხისმგებლობაც, რომელიც ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას ემსახურება. ამიტომ ჩვენ მოვახდინეთ საწოლების გეგმაზომიერი მობილიზება, რათა რაციონალურად დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტი და რეალურ საჭიროებასთან თანმიმდევრული ვყოფილიყავით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე ასევე შეეხო სახელმწიფოს მხრიდან თანაგადახდის საკითხს. მისი განცხადებით, სამინისტროს მიზანია ყოველი პაციენტის უფლებების დაცვა და მათი არასაჭირო დანახარჯების შემცირება. ამჟამად მოქალაქის ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი 56 პროცენტიდან 48 პროცენტამდე შემცირდა.

ტიკარაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„დეკემბრის დასაწყისში უწყებამ ორ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დეფიბრილატორები შეიძინა, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადაეცემათ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.064-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 212.526-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 21.910 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.358  პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.787, აჭარაში – 692, იმერეთში – 1.293.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (245)

მთავარი თემები