თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო 1 სთ 24 წუთიდან შემცირდა 20 წუთამდე, განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან გადაუდებელი დახმარება 1 200 000 მოქალაქეს გაეწია.
„სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის საზოგადოებიდან, მე ვარ სოლიდარული. მაგრამ, როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გავიხსენოთ თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევთ სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება. დღეისათვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე რეაგირების დრო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კიდევ უფრო გაუმჯობესება სამინისტროს პრიორიტეტია. 2020 წელს ქვეყნის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების სამსახურები სამინისტროს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა; ცენტრს გადაეცა 140 ახალი ავტომობილი; გაიხსნა სასწრაფო დახმარების 26 ახალი ადმინისტრაციული შენობა; გაიზრდა სამედიცინო პერსონალის ხელფასი.
„მომდევნო წლისთვის 1.5 მლნ ლარზე მეტია განსაზღვრული სასწრაფო დახმარების პერსონალის ჯანმრთელობის დაზღვევისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.064-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 212.526-ს მიაღწია.
ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 21.910 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.358 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.787, აჭარაში – 692, იმერეთში – 1.293.