თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. COVID-19-თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით, რაზეც სახელმწიფომ ჯამში 5 მლნ ლარი გამოყო, განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ.
გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება>>
ტიკარაძის განცხადებით, პანდემიის ზრდადი დინამიკის პარალელურად სამინისტრომ სამედიცინო პერსონალის მობილიზებისა და გადამზადების მასშტაბური პროცესი განახორციელა.
„დღეს ამ ბრძოლაში 13.300-ზე მეტი მედიკოსია ჩართული, რომლებიც გადაუდებელ და ჰოსპიტალურ მომსახურებას უწევენ ინფიცირებულებს. მათი როლი თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში უდიდესია და სახელმწიფო, თავის მხრივ, მიმართავს ყველა შესაძლო გზას მედიკოსთა მხარდასაჭერად. სამინისტრომ ვირუსთან ბრძოლაში ექიმების კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროფილების მიხედვით, ჰოსპიტლების პერსონალის 90%-ზე მეტი გადაამზადა", – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.064-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 212.526-ს მიაღწია.
ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 21.910 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.358 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.787, აჭარაში – 692, იმერეთში – 1.293.