ამირან გამყრელიძე: გადაწყვეტილი არაა, დასჭირდებათ თუ არა კოვიდგადატანილ პირებს ვაქცინა

გამოწერა
კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც საქართველოს მთავრობა შეისყიდის, მოქალაქეებისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. მისი ქვეყანაში შემოტანა მარტი-აპრილის პერიოდში იგეგმება.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სჭირდებათ თუ არა ვაქცინაცია იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ლევან რატიანი: ადამიანს, რომელიც ვირუსს გადაიტანს, სავარაუდოდ, ვაქცინა არ დასჭირდება>>

გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში ამჟამად ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. ბევრი დამატებითი ინექციის მომხრეა, რადგან ეს ადამიანის იმუნიტეტს აძლიერებს, თუმცა ზოგს ამის საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს.

„არის ხალხი, ვინც ემხრობა იმ მიმართულებას, რომ ისინი (ვისაც გადატანილი აქვს COVID-19) არ უნდა აიცრან. უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ თუ გადატანილი გაქვს ვირუსი, დამატებითი ე.წ. ბუსტერის დოზა არაფერს დაგიშავებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ზოგმა კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა და, აქედან გამომდინარე, ძნელი გასარჩევია, ვინ გადაიტანა ვირუსი და ვინ არა და, შესაბამისად, ვინ უნდა აიცრას და ვინ – არა.

როდის მიიღებს საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას: ოპტიმისტური პროგნოზი>>

მან გაიხსენა წითელას ეპიდემია საქართველოში და აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანაში წითელას მასობრივი კამპანიები იყო შარშან და შარშანწინ, ადამიანებს არ სთხოვდნენ იმის ლაბორატორიულ დადასტურებას, ჰქონდა თუ არა დაავადება გადატანილი.

„დამატებითი ინექცია არაფერ ცუდს არ აკეთებს, პირიქით, იმუნიტეტს კიდევ უფრო აძლიერებს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

როგორც საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, კორონავირუსის ვაქცინა, სავარაუდოდ, 2021 წლის მარტი–აპრილში იქნება ხელმისაწვდომი, მას შემდეგ, რაც ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველოში ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე უწყებათშორისი კომისია იზრუნებს

ასევე ცნობილია, რომ ვაქცინას საქართველოს მთავრობა შეისყიდის და ის ქვეყნის მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

საქართველოს მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია მუშაობს. კომისია ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.068-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 152.704-ს მიაღწია.

„დარწმუნებული ვარ“: კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი პანდემიის დასრულების თარიღს ასახელებს>>

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 126.904 ადამიანი, გარდაიცვალა 1.425 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0