თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ადამიანს, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და დაავადება ვაქცინის შემოსვლამდე მოიხადა, ვაქცინა, დიდი ალბათობით, არ დასჭირდება, განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
როდის მიიღებს საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას: ოპტიმისტური პროგნოზი>>
როგორც რატიანმა აღნიშნა, კოვიდ-ინფექცია მყარ იმუნიტეტს ტოვებს, ისევე, როგორც წითელა, წითურა და სხვა ვერაგი დაავადებები, რომლებსაც კაცობრიობა მოერია.
„ერთად დგომით, მოვლა-მზრუნველობით გადავრჩებით, იმედია, ამის რესურსი ჩვენს ერს გააჩნია. ვიცი, ბევრი ნერვიულობს ამ ვირუსზე, თუმცა დღეს მედიცინაში მის შესახებ ბევრი ვისწავლეთ. თითქოს მთელმა მედიცინამ და ბიოლოგიურმა სამყარომ სხვა დაავადებები დაივიწყა და ყველა კორონავირუსზე გადაერთო. ახლა ყველას ამოცანაა, რომ ეს ვირუსი დავამარცხოთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას, ის საქართველოში, სავარაუდოდ, 2021 წლის მარტი–აპრილში იქნება ხელმისაწვდომი, მას შემდეგ, რაც ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ამასთან დაკავშირებით შეიქმნა უწყებათშორისი კომისია, რომელიც ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე იმუშავებს.
საქართველოში ვაქცინა, რომელსაც საქართველოს მთავრობა შეისყიდის, ქვეყნის მოსახლეობისთვის უფასო იქნება. ქვეყანამ ვაქცინის მისაღებად 4 მლნ დოლარი უკვე გადარიცხა და ვაქცინის 700 ათასი დოზა შეუკვეთა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 152.704 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 12.690-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1.425 მოქალაქე.