რა საფრთხეს შეიცავს ზამთრის კურორტები: თურნავას განმარტება

გამოწერა
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საქართველოს ხელისუფლებამ შეზღუდვების გაფართოებისა და გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ზამთრის კურორტები ევროპაშიც ერთ-ერთ რისკის მატარებელ ფაქტორადაა მიჩნეული, რის გამოც ევროპული სახელმწიფოები ამ სეზონზე კურორტებს არ გახსნიან, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

გუდაური - Sputnik საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები შესაძლოა თებერვლიდან გაიხსნას

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებმა მუშაობა შეწყვიტეს, სასტუმროებს კლიენტების მიღება აეკრძალათ, ხოლო საბაგიროები, სათხილამურო ტრასები, რესტორნები და კაფეები დაიკეტა. სასტუმროები საკარანტინო სივრცეებად გადაკეთდა.

„კორონავირუსის გავრცელების იმ დონის გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყანაში ყოველდღიურად ფიქსირდება, მოსალოდნელი იყო, რომ ზამთრის კურორტები ახალი ეპიდკერა გახდებოდა. ამიტომ მივიღეთ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ეყრდნობა ჩვენი ეპიდემიოლოგებისა და ექიმების რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს. დროებით შევზღუდეთ კურორტების საქმიანობა“, – განაცხადა თურნავამ.

როგორც ადრე ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია ქვრივიშვილმა განაცხადა, თუ ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდვითარება იქნება, საქართველოს ზამთრის კურორტები დამსვენებლების მიღებას 1 თებერვლიდან შეძლებენ.

ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. ამიტომ ამ სფეროსა და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების დახმარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. 

კორონავირუსის ეპიდემია - მომხმარებლები სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
რა თანხები გამოიყოფა ბიუჯეტიდან ანტიკრიზისულ გეგმაზე 2021 წლისთვის

შეზღუდვების გამკაცრებასთან ერთად საქართველოს მთავრობამ მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად ახალი ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პირობებში ბიზნესსა და შეჭირვებულ მოსახლეობას დახმარებას გაუწევს. 

მთავრობის მიერ შემუშავებული დახმარების პაკეტი ითვალისწინებს საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობას იმ სფეროებში დასაქმებული პირებისთვის, რომელთა საქმიანობაც იზღუდება დეკემბერი-იანვარში. ამასთან, გრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში.

ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად საშემოსავლო და ქონების გადასახადი ოთხი თვის ვადით ჰქონდათ გადავადებული, აღნიშნული ვადა 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდათ.
საქართველოს მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით გრძელდება ხოლმე.

გასულ სეზონზე, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის არიდების მიზნით, საქართველოს მთავრობამ მარტში ზამთრის სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0