13:17 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
146 0 0

კლინიკების დირექტორების განცხადებით, დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას და ამასთან ერთად, თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. კლინიკები გადატვირთულია, სასტუმროების გამოყენება უნდა გაფართოვდეს, ხოლო მოსახლეობა უნდა მოერიდოს თავშეყრებს და მაქსიმალურად იცავდეს ყველა რეკომენდაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ავადმყოფთა ამხელა რაოდენობას, აცხადებენ კლინიკების დირექტორები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

„დამატებითი რესურსები არსებობს, პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა“, - განაცხადა „ევექსის“ ჰოსპიტლების დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.

„მნიშვნელოვანია უკვე არსებული, გამოყოფილი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რომ ჰოსპიტალური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება და არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მისი დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ ამჟამად საავადმყოფოში ადგილები არ არის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

„ამ წუთას რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევს 128 პაციენტი. ეს არის კლინიკის დატვირთვის მთელი სიმძლავრე. ადგილი ამჟამად არ არის. ჩვენთან კლინიკაში ყოველდღიურად კი ხდება პაციენტების ბრუნვა, ანუ გვეწერებიან გამოჯანმრთელებული პაციენტები და მათ მაგივრად ვიღებთ ახალ პაციენტებს. ეს ყოველდღიური დინამიკაა, უბრალოდ, ცარიელი ადგილი, როცა გინდა მოიყვან და პაციენტს დააწვენ, ასეთი სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის“, - განაცხადა გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, დაიცვან ყველა წესი, ყველგან ატარონ პირბადე, რადგან, გოფოძის თქმით, ინფიცირების შანსები ქვეყანაში ძალიან იზრდება.

„ასეთი კატასტროფული მატება თუ წავიდა, ამას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი, მათ შორის ვერ გაუძლეს ძალიან მოწინავე ქვეყნებმაც. ამიტომაც... მოსახლეობამ უნდა გაიგოს ეს სიტუაცია, უნდა მოვერიდოთ ყველანაირ მასობრივ თავშეყრის ადგილებს, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა წესი, ყველგან ვატაროთ ნიღაბი უკვე გახსნილ სივრცეშიც კი, რადგან ინფიცირების შანსები ქვეყანაში ძალიან იზრდება“, – განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა.

როგორც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ განაცხადა, თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას.

„ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია. ეს გააადვილებს ამ ვირუსის დაძლევას, რომელსაც მაღალი ლეტალობა აღმოაჩნდა მსოფლიოში. ყველას ვთხოვ, დაიცვან ის რეგულაციები, რაც დასაცავია და ეს არის ყველაზე დიდი დაცვა თქვენიც, თქვენი ახლობლების და ოჯახის წევრებისაც“, – განაცხადა გადელიამ.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის განმარტებით, პანდემიის მართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას.

„ჩვენ ერთი კვირაა, ძალიან კარგად ვიყენებთ სასტუმროებს. თუ არ არის ჟანგბადის ძალიან დიდი რაოდენობით მომხმარებელი, ავადმყოფის მკურნალობა უმჯობესია სასტუმროში მოხდეს“, – განაცხადა დავით გადელიამ.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები