09:33 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
12820

რამდენად შესაძლებელია ასობით ადამიანმა აქციებზე, ერთ სივრცეში  რეგულაციების დაცვა შეძლოს საეჭვოა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მცდელობის მიუხედავად დღემდე ამ კუთხით სრული განუკითხაობაა

კორონავირუსისა და მრავალი შეზღუდვის მიუხედავად საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება არ შეჩერებულა. მიმდინარე აქტიური პოლიტიკური პროცესი ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე აისახა. ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა დღიური მაჩვენებელი 2 800 აჭარბებს. ხშირ შემთხვევაში ელემენტარული რეკომენდაციებიც კი, რომლებსაც ეპიდემიოლოგები ავრცელებენ (დისტანცია, პირბადეების გამოყენება, სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება და ა.შ.), აქციების დროს ირღვევა, მით უფრო 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო მსვლელობების ფონზე.

არჩევნებიდან მეორე დღეს არა ერთი ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაიმართა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია, სადაც არჩევნების შედეგების გაბათილება მოითხოვეს. კიდევ ერთი მასშტაბური აქცია კი კვირას, 8 ნოემბერს დაიგეგმა.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს განზრახ დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოწმობენ.

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% მიიღო და 13 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

მთავრობა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებს საკუთარი პასუხისმგებლობის გაზრდისკენ და წესების დაცვისკენ მოუწოდებს, რადგან ახლანდელი პოლიტიკური აქტივობები ეპიდემიის დამძიმებასა და პიკის მოახლოებას უწყობს ხელს.

„რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, ძალზედ დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, რადგან მობილობა, რომელსაც ქუჩის აქციები იწვევს, რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან. ამიტომ, საჭიროა აბსოლუტურად ყველა სამინისტროს და შესაბამისი უწყებების სრული მობილიზაცია“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოსახლეობის მაღალი აქტივობის გამო ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს მთავრობაში კიდევ ერთხელ გადახედავენ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მზად არის, დაჯდეს ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა სადავო საკითხები ამ გზით გადაწყდეს და არა აქციებზე, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხეა.

რაღა თქმა უნდა, ამ დემოკრატიულ ქვეყანაში, ოპოზიცია და მთავრობა არც ახლა უსმენენ ერთმანეთს და ოპოზიციური პარტიების ლიდერები მოსახლეობას მოუწოდებენ აქციაზე მისვლისკენ. ოპოზიცია საზოგადოებას მიმართავს, რომ კვირას აქციაზე მივიდნენ და საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტონ. მათი აზრით განცხადება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შესაძლო გამკაცრების შესახებ, მიზნად ისახავს ოპოზიის მხრიდან პროტესტის გამოხატვის ხელშეშლის მცდელობას.

როგორც „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, აქციები აქტიურად გაგრძელდება, თუმცა რეგულაციების მაქსიმალური დაცვით.

„მომხრე ვარ კანონმორჩილების. ახლახანს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს გვქონდა შეხვედრა, სადაც ვბჭობდით როგორ შეიძლება დავიცვათ რეგულაციები აქციებზე და მსვლელობისას. ჩვენ ყველანი ვღელავთ. სასწაულად გაყალბდა 31 ოქტომბრის არჩევნები და აღარ აწყობთ, რომ ხალხს ამაზე რეაგირება ჰქონდეს. კარგად იციან, რომ ამას არავინ მოითმენს. როცა სახელმწიფოს მიტაცებაზეა საუბარი მართლა ვღელავთ. დისტანციით, პირბადეებით შევეცდებით დავიცვათ ერთმანეთი, მაგრამ არ გავჩერდებით“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

რამდენად შესაძლებელია ასობით ადამიანმა ერთ სივრცეში  რეგულაციების დაცვა შეძლოს საეჭვოა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მცდელობის მიუხედავად დღემდე ამ კუთხით სრული განუკითხაობაა.

საინტერესოა სად გადის ზღვარი მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და სიტყვის თავისუფლებას შორის...

„Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ მრწამსს, როდესაც პანდემიის დროს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზეა საუბარი.

„კორონავირუსი მარტივად ვრცელდება და გადადის ახლო კონტაქტის დროს. დრამატული მატება უნდა ავირიდოთ თავიდან, რომელიც ამ დღეებში არის. დავიცვათ წესები, დავიცვათ ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანი და ზოგადად საქართველოს მოქალაქეები და შევიკავოთ თავი მსგავსი თავშეყრისგან. ჩემი დიდი სურვილია მოქალაქობრივი თვითშეგნება იყოს მაღალი და რა მნიშვნელობა აქვს როგორი პოლიტიკური შეხედულება გვექნება. რაც არ უნდა მზად იყოს ჯანდაცვის სისტემა, საბოლოო ჯამში ყველაფერი ამოწურვადია“, - განაცხადა ეკა ადამიამ.

ქვეყანაში, სადაც დემოკრატია ზოგჯერ გადამეტებულად ესმით, ვთანხმდებით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გააზრება და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა თითოეულის მხრიდან. ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვა, რომელიც მოქმედებს საგანგებო ვითარებაში, კონკრეტულ რაიონებსა თუ დასახლებებში და თანამშრომლობა თუ პატივისცემა ადამიანებისა, ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც აღასრულებენ წესებსა და რეკომენდაციებს.

იმავე ქვეყანაში, სადაც დემოკრატია ზოგჯერ გადამეტებულად ესმით, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რომ ასობით და ათასობით ადამიანი პანდემიის დროს ერთად არ უნდა შეიკრიბოს...

იქნებ, დემოკრატიის ბრალია? ან, იქნებ მერყევი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის?

ამასობაში კი დიდი ხანია გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“... პანდემია ომზე ნაკლები არ არის. ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, ეს პროცესი დღემდე მეტ-ნაკლებად მართვადია მაგრამ დიდხანს დარჩება კი მართვადი...

 

მთავარი თემები