აქციები და პანდემია: საქართველოს ხელისუფლებამ, შესაძლოა, ახალი შეზღუდვები დააწესოს

გამოწერა
მმართველი პარტია პანდემიის შესაკავებლად დამატებითი ზომების მიღებას არ გამორიცხავს, ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ მთავრობა კორონავირუსს ადამიანების შესაშინებლად იყენებს.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობამ, შესაძლოა, დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღოს. 

გირჩი - Sputnik საქართველო
გავაპროტესტებთ არა მარტო არჩევნებს, არამედ დაწესებულ შეზღუდვებს: „გირჩი“ ხელისუფლებას

საქართველოში, არჩევნების დღიდან დაწყებული, დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში ქუჩის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ყველაზე მასშტაბური აქცია არჩევნების მეორე დღეს, 1 ნოემბერს გაიმართა, როდესაც თბილისში პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების რამდენიმე ათასი მხარდამჭერი შეიკრიბა. მათი დიდი ნაწილი პირბადის გარეშე იმყოფებოდა და არ იცავდა სოციალურ დისტანციას. უსაფრთხოების წესებისა და ზომების დაცვა არც საოლქო საარჩევნო კომისიების პიკეტირების დროს ხდებოდა.

კობახიძის თქმით, „ლოკდაუნი“ გამორიცხულია, თუმცა, ღამის საათებში გადაადგილებას რაც შეეხება, როდესაც საუბარია წერტილოვან შეზღუდვებზე, მსგავსი ზომა შესაძლებელია.

„რაც ​შეეხება ლოკდაუნს, ეს არის გამორიცხული, რადგან ქართული ეკონომიკისთვის ეს არის შეუძლებელი. ეკონომიკა, ბუნებრივია, უნდა აგრძელებდეს აქტიურად მუშაობას. რაც შეეხება წერტილოვან შეზღუდვებს, როგორიც არის გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ეს, რა თქმა უნდა, სრულიად მისაღებია და შეიძლება ასეთი ზომები მიიღოს მთავრობამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მიკროფონი - Sputnik საქართველო
ბიძინა კულუმბეგოვი ეპიდვითარებაზე: ჩვენს ქვეყანას ულიმიტო რესურსები არ აქვს

ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობის დაშინებას, რათა ხალხი საპროტესტო აქციებზე არ გამოვიდეს.

„ეს არის ყველაზე დიდი ამორალური საქციელი, რაც შეიძლება ჩაიდინოს ამ ამორალურმა ხალხმა... ხალხი აქციაზე მოვა თავისით, პირბადეებით და მაქსიმალურად შეეცდება, ყველა ეს ნორმა იყოს დაცული. ის, რომ ამ ვითარებაში ვართ და ამდენი ინფიცირებულია ქვეყანაში, ეს, პირველ რიგში, არის მთავრობის პასუხისმგებლობა. მათ არაფერი გააკეთეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რათა ასეთი აფეთქება თავიდან აგვეცილებინა“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, კაპანაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მიმდინარე პროცესებში მონაწილეობენ, რეგულარულად იტარებენ COVID-19-ის ტესტს.

ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე ფიქრობს, რომ თუ ქვეყანაში პანდემიის დროს ჩატარდა არჩევნები, აქციებიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია.

„ჩვენ ვართ პირველი პარტია, რომელმაც ხელისუფლებას ჯერ კიდევ სექტემბრის შუა რიცხვებში შესთავაზა – თუ პანდემიის გამწვავება იყო მოსალოდნელი, გადაედო არჩევნები. ივანიშვილს სურდა დროზე გადაეგორებინა ეს არჩევნები, რადგან იცოდა, რომ გაზაფხულზე მისი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა. ხუთი დღის წინ 3,8 ათას უბანზე ხალხი არჩევნებზე გამოიყვანეს. ორი მილიონი კაცის გამოყვანა შეიძლება და ათეულობით ათასის არა?! რადგან ჩატარდა არჩევნები და რადგან ჩატარდა პოლიტიკური პროცესები, მაშინ აქციებიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია. თუ პანდემია ადარდებდა ხელისუფლებას, მაშინ უნდა გადაედო არჩევნები. რატომაც არ გადადეს, ეს ნათელია“, – განაცხადა ბიწაძემ. 

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ლომჯარია: საპროტესტო აქციებზე ვერ ხერხდება სოციალური დისტანციისა და წესების დაცვა

საქართველოში ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეპიდემიოლოგიური ვითარება. კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 52 ათასს მიაღწია. კლინიკები ინფიცირებული პაციენტებით გადავსებულია და ჯანდაცვის სისტემას სულ უფრო მეტად უჭირს ვირუსის მართვა. ამიტომ ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მასობრივი შეკრებებისგან, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და წესები.

როგორც პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მობილობა და ქუჩის აქციები ვირუსის პიკს დააჩქარებს და ინფიცირების სწრაფ ზრდას გამოიწვევს. ამის მიუხედავად ხელისუფლება არ აპირებს სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადებას. როგორც მთავრობაში აღნიშნავენ, ისინი პატივს სცემენ მოქალაქეთა თვითგამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად მათ უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ყველა ახალი ამბავი
0