თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის ევროპის უნივერსიტეტი მზადაა, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნისთვის სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადაამზადოს, ნათქვამია უმაღლესი სასწავლების განცხადებაში.
ევროპის უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივას, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს.
ინიციატივა ითვალისწინებს დამამთავრებელი კურსის სტუდენტების სწრაფ გადამზადებას და აუცილებლობის შემთხვევაში მათ ჩართვას კოვიდ–კლინიკების ექიმების დასახმარებლად.
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უკვე შეხვდა სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებსა და სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს და მათთან მთავრობის ეს ინიციატივა განიხილა.
ევროპის უნივერსიტეტი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას უერთდება და მზადაა სტუდენტების გადამზადებისთვის. სასწავლო დაწესებულებაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ყველამ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი, რათა რაც შეიძლება მალე და ნაკლები დანაკარგით მოხდეს ინფექციის დამარცხება.
„ამ შემთხვევაში ჩვენი შესაძლებლობაა – ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა გაიარონ სწრაფი კურსი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთონ კოვიდ-ინფექციასთან ბრძოლაში, დაეხმარონ ექიმებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში დღითი დღე იზრდება COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა. ინფიცირებულთა შორის არცთუ ცოტა მედიკოსია. მთავრობაში უკვე ღიად საუბრობენ, რომ სისტემაში მედიცინის მუშაკების დეფიციტმა იჩინა თავი.
მედპერსონალის რეზერვისთვის: სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელებს გადაამზადებენ>>
ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დღიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირებულია 22 127 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 12 632, გარდაიცვალა 238 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.