თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან და სწრაფ კურსს გაივლიან, რათა შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება უწყებათშორის საბჭოზე მიიღეს. სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ისინი კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში ჩაერთვებიან და ექიმებს დაეხმარებიან.
ჩხენკელის თქმით, იმ უფროსკურსელებისთვის, რომლებიც ამ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, ბაზა ერთ კვირაში იქნება მზად.
მინისტრი დღეს, 14:00 საათზე სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებსა და სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს შეხვდება.
„ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში გვექნება ბაზა უფროსკურსელებისა, რომლებმაც გაიარეს ეს სწრაფი ტრენინგი და საჭიროების შემთხვევაში იქნება სრული მზაობა, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ კოვიდთან ბრძოლის პროცესში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში ეპიდემიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღე-ღამური მატება უკვე ოთხნიშნა რიცხვებში აისახება.
ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1872-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 30303-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა>>
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმშია 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2249 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.