თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ქობულეთში 87 წლის კაცმა კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას ბათუმის კლინიკა „მედცენტრი“ ავრცელებს.
„სასიხარულო სიახლე. დღეს „მედცენტრის“ რეანიმაციიდან 87 წლის ოთარ აბაშიძე გაეწერა“, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქობულეთის მკვიდრი კლინიკაში 12 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირებული შევიდა. პაციენტს სუნთქვის უკმარისობა და ასოცირებული ბილატერალური პნევმონია ჰქონდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1759-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 24562-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9751 ადამიანი, გარდაიცვალა – 183, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.