თბილისი, 8 მაისი - Sputnik. აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსისგან 18 წლამდე ასაკის პაციენტი და 88 წლის ქალი გამოჯანმრთელდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 66 პაციენტი მკურნალობს.
„გვაქვს გამოჯანმრთელება ერთი 18 წლამდე მოზარდის, ასევე გამოჯანმრთელდა 88 წლის ქალბატონი. 10 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირება სულ 623 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 288, გარდაცვლილია 9 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 559 პაციენტია.