02:31 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2132)
46 0 0

აჭარაში ადგილობრივი მედიკოსების დასახმარებლად სპეციალისტები თბილისიდან მიემართებიან. რეგიონში ახალი პაციენტებისთვის კლინიკებში ინტენსიურად მიმდინარეობს საწოლების მობილიზაცია.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის საწოლების დეფიციტი არ შეიქმნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკური ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დროს.

ბოლო დღე-ღამეში აჭარაში ინფიცირების 207 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 248 ადამიანი, გარდაიცვალა – ხუთი.

მინისტრის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოიყოფა კიდევ 50 საწოლი, ხოლო სხვა კლინიკებში – 30 საწოლი.

„ჩემი პირველი მოადგილე ზაზა ავალიანი ეს კვირა იმყოფება აჭარაში. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს აჭარაში საწოლების რაოდენობის მობილიზება. აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაემატება კიდევ 50 საწოლი, აქედან 10 რეანიმაციული და 40 თერაპიული საწოლი. აჭარის რეგიონის დანარჩენ საავადმყოფოებში, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, იქნება გამოყოფილი დამატებით 30 საწოლი, რითიც, ჩვენ ვთვლით, რომ აჭარაში საწოლების რაოდენობის სიმცირის თემა დაიხურება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ბრიგადის მიერ რეკომენდებული ათამდე ექიმი – სპეციალისტები რეანიმაციისა და ინფექციური დაავადებების სფეროებში.

„მნიშვნელოვანია, რომ ბატონი თენგიზის (ცერცვაძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი) გუნდიდან ხვალ დამატებით ოთხი ადამიანი მივლენილია აჭარაში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გურიის რეგიონს ურეკში 21-საწოლიანი კოვიდ–ცენტრი შეემატება.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ ცხელების კლინიკას, გარდა მსუბუქი და ცხელების პაციენტებისა, შესაძლებლობა ექნება, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ოთხი მძიმე პაციენტი, რომლებიც 24-48 საათის განმავლობაში სხვა კლინიკებში იქნებიან გადაყვანილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ბოლო სტატისტიკის თანახმად, აჭარის კოვიდ–კლინიკებში 542 პაციენტი მკურნალობს, აქედან 19 არასრულწლოვანია, 23 – ორსული. რეანიმაციაში იმყოფება 51 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის კლინიკებში 60-ზე მეტი თავისუფალი ადგილია.

„მოგიყვებით სიმპტომების შესახებ...“ – „TV პირველის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს კორონავირუსი აქვს>>

კოვიდ–სასტუმროებში მკურნალობს 794 პაციენტი, მათ შორის 70 ბავშვია. სახლში ექიმების დაკვირვების ქვეშ 900-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 867 ადამიანი, გარდაიცვალა 102 პაციენტი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2132)

მთავარი თემები