09:13 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1759)
102 0 0

აჭარაში, რომელიც ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით „წითელ ზონადაა“ მიჩნეული, გაფართოებული უფასო ტესტირება მიმდინარეობს

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მოქალაქეებს, რომლებიც ბათუმში რამდენიმე ლოკაციაზე მდებარე კარვებს PCR-ტესტირებისთვის მიმართავენ, სამი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩენის რეკომენდაცია მიეცათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აჭარაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე იმსჯელეს.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 25 - აჭარაში. ამ დროისათვის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის დიაგნოზით 111 პაციენტი მკურნალობს.

ამ მიზეზით, აჭარაში კორონავირუსის უფასო PCR ტესტირების ლოკაცია გაფართოვდა. მოქალაქეების ტესტირება სამ კარავსა და ხუთ პოლიკლინიკაში მიმდინარეობს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს დამატებით ორი კარავი დაიდგა „ხოფის ბაზრობასთან“ და ავტოსადგურზე.

მოქალაქეებს, რომლებიც მიმართავენ კარვებს PCR-ტესტისთვის, მიეცათ რეკომენდაცია, სამი დღის განმავლობაში დარჩნენ თვითიზოლაციაში და მოერიდონ კონტაქტებს. ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, აჭარაში კულტურული ღონისძიებები, როგორც ღია ისე დახურულ სივრცეში შეჩერდა.

ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარიტუალო დარბაზებისა და ტურისტული ობიექტების, ტრანსპორტის, აგრარული ბაზრებისა და მასობრივი თავშეყრის ადგილების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებასთან დაკავშირებით.

აჭარაში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აგვისტოს ბოლოს კორონავირუსი საკონდიტრო საწარმო „დონას“ ერთ–ერთ თანამშრომელს  დაუდასტურდა. ახლა ეს კლასტერი რამდენიმე ათეულ ადამიანს ითვლის. გარდა ამისა, ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვის თანამშრომელს, აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს, „საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს. ჩაქვში მდებარე სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“, სადაც სამედიცინო კონფერენციაზე 400-მა ექიმმა თავი მოიყარა, ინფექცია ერთ-ერთ ვიზიტორს დაუდგინდა.  ბოლო დღეებში გაჩნდა ე.წ. ხოფის ბაზრობის კლასტერი, რომელიც 10–მდე ადამიანს ითვლის. კორონავირუსი დაუდგინდა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელს,  ბათუმის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს, პედაგოგს, რომელსაც შეხება ჰქონდა ორ სასწავლო დაწესებულებასთან. გამოვლენილ ინფიცირებულთა შორისაა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმაც, რომელსაც კავშირი ჰქონდა საკონდიტრო მაღაზია „დონასთან“.

რამდენი ინფიცირებული მოდის საქართველოში 100 ათას მოსახლეზე – მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა >>

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1773 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1325, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1759)

მთავარი თემები