თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში PCR–ტესტი 2,7 ათას პირს ჩაუტარდა, აქედან კორონავირუსი დაუდასტურდა 25 პირს, განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
მისი განცხადებით, ინფიცირებულებიდან შვიდი ე.წ. ხოფის ბაზრობას უკავშირდება, სამი შემთხვევა იუსტიციის სახლს, ერთი ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომელია, რომელიც მაღაზია „დონას" უკავშირდება, სამი შემოსავლების სამსახურს, ხოლო ათამდე შემთხვევაზე ეპიდკვლევა გრძელდება.
ამ დროისათვის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის დიაგნოზით 111 პაციენტი მკურნალობს.
ახალი კოვიდ–კერების შედეგად აჭარამ „მწვანე ზონის“ სტატუსი დაკარგა და რეგიონი „წითელ ზონად“ გამოცხადდა.
„რეგიონში შეზღუდვები არ წესდება. სამ კარავსა და ხუთ პოლიკლინიკაში მოქალაქეების ტესტირება მიმდინარეობს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს დამატებით ორი კარავი დაიდგმება „ხოფის ბაზრობასთან“ და ავტოსადგურზე“, – განაცხადა ნიჟარაძემ.
მიუხედავად აჭარაში გამწვავებული ეპიდვითარებისა, რეგიონის ჩაკეტვა არ იგეგმება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქობულეთსა და ბათუმში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
აჭარაში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აგვისტოს ბოლოს კორონავირუსი საკონდიტრო საწარმო „დონას“ ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ახლა ეს კლასტერი რამდენიმე ათეულ ადამიანს ითვლის. გარდა ამისა, ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვის თანამშრომელს, აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს, „საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს. ჩაქვში მდებარე სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“, სადაც სამედიცინო კონფერენციაზე 400-მა ექიმმა მოიყარა თავი, ინფექცია ერთ-ერთ ვიზიტორს დაუდგინდა. ბოლო დღეებში გაჩნდა ე.წ. ხოფის ბაზრობის კლასტერი, რომელიც 10-მდე ადამიანს ითვლის. კორონავირუსი ასევე დაუდგინდა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელს, ბათუმის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს, პედაგოგს, რომელსაც შეხება ჰქონდა ორ სასწავლო დაწესებულებასთან. გამოვლენილ ინფიცირებულთა შორისაა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმაც, რომელსაც კავშირი ჰქონდა საკონდიტრო მაღაზია „დონასთან''.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1773 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1325, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.