18:41 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
403 0 0

როგორ უნდა ავირჩიოთ პროფესია და რა მოთხოვნები ექნებათ დამსაქმებლებს სულ რაღაც 5 წლის შემდეგ, ამაზე „Sputnik–საქართველოსთან“ ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი და კრიპტოვალუტის ექსპერტი ალექს სუდაძე საუბრობს, რომელმაც თავად შეისწავლა რამდენიმე პროფესია.

როგორ უნდა ავირჩიოთ პროფესია?

პირველ რიგში ჩამოვწეროთ სახელმძღვანელო სია: რისი კეთება გვიყვარს ყველაზე მეტად, რა გვეხერხება და, შესაბამისად, სად შეგვიძლია ვიყოთ „ჩემპიონები“ (თუ საკუთარ თავთან გულახდილი ვიქნებით, 2-3 საქმიანობაზე მეტს ვერ დავწერთ).

ამ 2-3 პროფესიიდან უნდა ავირჩიოთ ისეთი, სადაც დღევანდელ გარემოში მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდება და სასურველია, მოთხოვნის მაჩვენებელი იყოს ზრდადი უახლოესი წლების მანძილზე (მაგალითად, ინფლუენსერები, პროგრამისტები, დიზაინერები და ა.შ.).

ასევე გასათვალისწინებელია საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორიც: ამ სფეროში შედეგის მიღწევა უნდა იყოს არც ისე ადვილი, ანუ ე.წ. „შესვლის მაღალი ქვედა ზღვარი“ (დაბალი ქვედა ზღვრის შემთხვევაში კონკურენცია ძალიან მაღალია და ამონაგები ძალიან მცირე, მაგალითად, მძღოლი ან სანტექნიკოსი).

აუცილებლად უნდა არსებობდნენ თქვენ გარშემო ამავე თემით დაინტერესებული პროფესიონალები, ვისგანაც შეძლებთ პრაქტიკული ცოდნის მიღებას მოცემულ დარგში (ინტერნეტში მოძიებულიც ხშირად საკმაოდ სასარგებლო ინფორმაციაა).

და, რაც მთავარია, 10 000 საათი სრული მონდომებით და მაღალი მოტივაციით მიჰყვეთ ამ პროფესიის შესწავლას.

შედეგიც არ დააყოვნებს, 2-3 წლის შემდეგ თქვენ უკვე ყურადღებას მიიქცევთ როგორც ამ დარგის ახალბედა სპეციალისტი და თქვენს რჩევებსაც ყურადღებით მოუსმენენ (არ აქვს მნიშვნელობა, მეღვინე გახდებით თუ ელექტროშემდუღებელი).

შემდეგ დაიწყება უკვე სხვა სპეციალისტებთან შეჯიბრება, თვითდამკვიდრება, აღიარება, და უეცრად აღმოაჩენთ, რომ თქვენი ანაზღაურება იმაზე მეტია, ვიდრე ეს 4-5 წლის წინ წარმოგედგინათ.

რომელ პროფესიებზეა დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნა და რამდენად შეესაბამება ისინი თანამედროვე შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს?

თუ ვისაუბრებთ ამ საუკუნის განვლილი პირველი 20 წლის გადმოსახედიდან, აშკარად იკვეთება პროფესიები, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნეტის აქტიურ მოხმარებასთან და მაღალ ტექნოლოგიებთან, როგორიცაა IT სპეციალისტები, სხვადასხვა რანგის პროგრამისტები, web-დეველოპერები, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები, IT-უსაფრთხოების და დანერგვის თანამშრომლები – როგორც დამწყები, ასევე ექსპერტებიც.

აქტიურად იკვეთება ყველა მიმართულებით ექსპერტიზის გაზიარების – დარგობრივი ექსპერტების და საკონსულტაციო ბიზნესის ზრდა, იქნება ეს მედიცინა, იურისპრუდენცია თუ ტექნოლოგიური დარგები. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მეცნიერება საკმაოდ სიღრმისეულად შეისწავლის სხვადასხვა მიმართულებებს და პერიოდულად საჭიროა ვიწრო სპეციალობის ექსპერტები. მაგალითად, თუ ადრე ექიმ-პედიატრი შეიძლება ყოფილიყო ზოგადად პედიატრი, ბოლო 20-25 წლის მანძილზე ის რამდენიმე ვიწრო სპეციალობად დაიყო და უკვე ცალკეულ მიმართულებებზეა ორიენტირებული.

დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებად მაინც IT სფეროს დარგები ჩაითვლება, როგორიცაა რობოტოტექნიკის პროგრამისტები და ინჟინრები, IT–უსაფრთხოების და დაგეგმარების ადმინისტრატორები და ა.შ.  თუმცა სხვა მიმართულებებიც არ ჩამორჩება და იქაც მოხდება პროფესიების ტრანსფორმაცია. ქვემოთ მოცემულ სიაში ვეცადე ჩამომეწერა სია მოთხოვნის კლებადობის მიხედვით:

მობილური აპლიკაციების და საიტების დიზაინერი

რობოტების პროგრამისტი

ინფლუენსერები და ციფრული მარკეტოლოგები

სოციალური ქსელების მენეჯერები, დიდ მონაცემთა დამუშავების სპეციალისტები

ბიზნეს-ანალიტიკოსები, პირადი ფინანსური მრჩევლები

ესთეტიკური მედიცინის მაღალი პროფესიის სპეციალისტები და სტომატოლოგები

მაღალი რანგის მენეჯერები ტრანსნაციონალურ კორპორაციებში

დისპეტჩერიზაციის და ლოგისტიკის სპეციალისტები

სახელმწიფო სამსახურების ადმინისტრაციული თანამშრომლები

მძღოლები და ავტომობილის ხელოსნები

გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიები და, განსაკუთრებით, რობოტები აქტიურად ანაცვლებენ ადამიანის შრომას (განსაკუთრებით, მძიმე და დაბინძურებულ გარემოში), მათი ხვედრითი წილი შრომის ბაზარზე სულ უფრო და უფრო იზრდება. ერთი უმთავრესი მიზეზის გამო დამქირავებელს, ანუ ბიზნესის მეპატრონეს რობოტების მიერ შექმნილი მატერიალური დოვლათი თუ მომსახურება გაცილებით იაფიც უჯდება და უფრო საიმედოცაა წლების მანძილზე (რობოტებს არც შვებულება ესაჭიროებათ და არც ბიულეტენი).

მაგალითად, ბანკების უმეტესობამ უარი თქვა ოპერატორების აყვანაზე თავიანთ ფილიალებში და მომხმარებლებს დისტანციურად ემსახურებიან აპლიკაციების მეშვეობით. რეალურად დღეს მობილური საბანკო აპლიკაციით თითქმის ყველა საბანკო ოპერაციის შესრულებაა შესაძლებელი, რაც 5 ან 10 წლის წინ წარმოუდგენელიც იყო და ამისთვის ფიზიკურად ბანკში მისვლა და ოპერატორებთან უშუალო შეხვედრა იყო საჭირო. იმავე პრინციპით მუშაობენ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისები და მსხვილი კომპანიები. აქტიურად ინერგება დისტანციურად ბოტების მომსახურება, როდესაც ადამიანის ნაცვლად რობოტი გპასუხობს როგორც მესიჯინგის საშუალებით, ასევე ხმით (ტელეფონით).

ადრე ყავა ან ჩაი რომ დაგველია, ან რაიმე წვრილმანი გვეყიდა (ბოთლით წყალი ან შეფუთული საკვები), აუცილებლად უნდა მივსულიყავით მაღაზიაში, დახლთან, გამყიდველს დავლაპარაკებოდით და ის გაატარებდა სალაროში. დღეს ამისთვის ქუჩის ავტომატები არსებობს (მარტივი რობოტები), რომლებიც თითქმის ნებისმიერ პროდუქტს მოგაწვდიან გადახდის პროცედურის დასრულებისთანავე. ბევრ სავაჭრო ცენტრშიც ზუსტად მსგავსი სერვისები ინერგება, განსაკუთრებით, პანდემიის შემდგომ.

დაბალკვალიფიციური ადამიანური შრომა აქტიურად ჩანაცვლდება რობოტებით და ავტომატური სერვისებით.

რომელია ისეთი პროფესია, რომლის წარმომადგენლებსაც საქართველოში უმუშევრობა არ ემუქრებათ?

დღეს უკვე კომუნიკაციის დონემ ისე აიწია, ხშირ შემთხვევაში აღარაა საჭირო ფიზიკურად გადაადგილება, სამსახურის მოძებნაში ან დამსაქმებელთან უშუალოდ ხშირი შეხვედრა. პანდემიის მერე თანამშრომლების დისტანციურად აყვანის და დასაქმების უფრო მეტი საშუალებაც მიეცათ კომპანიებს და ახალი თანამშრომლების სახლიდან მუშაობაც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა (არ იხარჯება დრო ტრანსპორტზე, ოფისის ხარჯები შემცირებულია მინიმუმამდე, თანამშრომელი სახლში უფრო კომფორტულად და ადვილად მუშაობს).

შესაბამისად, ხშირად აღარაა აუცილებელი საქართველოს გარეთ ფიზიკურად წასვლა ან სხვა რაიონში მოგზაურობა, რაც freelancer-ის ტიპის თანამშრომლებს უფრო მოქნილს ხდის.

იგივე პროგრამისტები და ვებ-დიზაინერები მუდამ დასაქმებული იქნებიან თავისი კვალიფიკაციის შესაბამისად, თუ სწორად მოახდენენ საკუთარი თავის პოზიციონირებას. ასევე აქტიური მოთხოვნაა დისტანციური მხარდაჭერის სერვისებშიც, როგორიცაა კონსულტანტები, ლექტორები ან სხვადასხვა online შეხვედრების ორგანიზატორები.

რომელ პროფესიებზე იქნება მოთხოვნა შრომის ბაზარზე, მაგალითად, 5 წლის შემდეგ და რა შეიცვლება?

უმეტესწილად იმ ახალ პროფესიებზე, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, უფრო მაღალი მოთხოვნა იქნება და მეტ სფეროებს მოიცავს. როგორც Google-ის ტექნიკურმა დირექტორმა რეი კურცვეილმა (Ray Kurzweil) განაცხადა, უახლოესი 5-10 წლის მანძილზე ბევრი ახალი სპეციალობა გაჩნდება და არსებული სპეციალობებიც ტრანსფორმირდება სხვა ნაირსახეობებში:

ვირტუალური გარემოს დიზაინერი

რობოეთიკის იურისტი

ციფრული ტექნოლოგიების დამნერგავი

ბიოჰაკერი (დაეხმარება ადამიანებს საკუთარი ორგანოების განახლებაში)

IoT manager – ინტერნეტ-ნივთების დამპროგრამებელი და დიზაინერი

კოსმოსური ექსკურსიების მენეჯერი

ბუნებრივი გარემოს და რესურსების აღდგენის მენეჯერი (ენერგიის ალტერნატიული წყაროების სპეციალისტი)

ადამიანის სხეულის დიზაინერი (იმპლანტების და ხელოვნური ორგანოების დიზაინერი).

ნატა პატარაია

მთავარი თემები