ყველგან და ყოველთვის დარჩე ადამიანად, ანუ როცა სიყვარული მოსასწრებია

© photo: courtesy of Nino Mshvidobadzeნინო მშვიდობაძე
ნინო მშვიდობაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი სტატიის გმირი ჟურნალისტია ოცწლიანი სტაჟით და თავისი პროფესია, პირველ რიგში, ექსტრიმისა და ადრენალინის გამო უყვარს.

ნინო მშვიდობაძე ქართული რეგიონული მედიის გამორჩეული წარმომადგენელია, მას ლანჩხუთის რაიონში ბევრი იცნობს. სხვადასხვა დროს არაერთი საინტერესო და აქტუალური თემა გაუშუქებია. მუშაობდა ადამიანის უფლებათა ცენტრში, ამჟამად ლანჩხუთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელია. წერს ლექსებს.

© photo: courtesy of Nino Mshvidobadzeნინო მშვიდობაძე
ყველგან და ყოველთვის დარჩე ადამიანად, ანუ როცა სიყვარული მოსასწრებია - Sputnik საქართველო
ნინო მშვიდობაძე

- ქალბატონო ნინო, როგორც წესი, ჟურნალისტის პროფესიას კომუნიკაბელური და ღია ბუნების ადამიანები ირჩევენ, ალბათ არც თქვენ ხართ გამონაკლისი...

- სკოლის დასრულებამდე ოცნებად მქონდა პედაგოგობა. სულ მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა 45 წუთი ბაშვების ისე დაინტერესებას, რომ ხმის აწევა არ დამჭირდებოდა. მე-11 კლასში ვიყავი, როცა რადიკალურად შევიცვალე გადაწყვეტილება და ჟურნალისტობა გადავწყვიტე. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს რომელიღაც არხზე გასულმა სიუჟეტმა გადამაწყვეტინა. მაშინ ვთქვი, რომ აუცილებლად ვიტყოდი სიმართლეს. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ანდაზა „სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო“, ჟურნალისტებისთვის არ თქმულა. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა ისეთი ნიუანსების გამომზეურება, სააშკარაოზე გამოტანა, რომლის დაფარვას მავანი ცდილობს. ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ღირს გარისკვად – ეს ნამდვილი ექსტრიმია და ადრენალინი და ამ პროფესიის ხიბლიც სწორედ ესაა.

© photo: courtesy of Nino Mshvidobadzeნინო მშვიდობაძე
ყველგან და ყოველთვის დარჩე ადამიანად, ანუ როცა სიყვარული მოსასწრებია - Sputnik საქართველო
ნინო მშვიდობაძე

- ამ სფეროში ოცწლიანი მუშაობის მანძილზე რომელი რესპონდენტი დაგამახსოვრდათ და თქვენი რომელი მასალა იყო რეზონანსული?

- საერთოდ, ვწერდი ყველაფერზე, რადგან რაიონული მედია ჟურნალისტებით განებივრებული არ არის. ჩემთვის დასამახსოვრებელი რესპონდენტებიდან გავიხსენებდი ინტერვიუებს უსაყვარლეს მწერალ გურამ დოჩანაშვილთან, ფრიდონ ხალვაშთან, დათო ტურაშვილთან, ლევან ბერძენიშვილთან... ლანჩხუთში ყოფნის დროს, ერთ გახმაურებულ საქმეზე თავის დროზე ზურაბ ჟვანია ჩავწერე. განსაკუთრებით საგამოძიებო ჟურნალისტიკა მიყვარდა – დოკუმენტების გამოთხოვნა, მათზე მუშაობა და ისეთი თემების მოძიება, რაც ბევრისთვის ცნობილი არ იყო. დღემდე საგამოძიებო ჟურნალისტიკა ჩემი სტიქიაა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საგამოძიებო ჟურნალისტიკის სკოლაში სწორედ საგამოძიებო სტატიებზე მუშაობის დროს მოვხვდი. მე ვფიქრობ, რომ ეს სფერო საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული, არადა, ძალიან საინტერესოა და საჭიროც.

© photo: courtesy of Nino Mshvidobadzeნინო მშვიდობაძე
ყველგან და ყოველთვის დარჩე ადამიანად, ანუ როცა სიყვარული მოსასწრებია - Sputnik საქართველო
ნინო მშვიდობაძე

- ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში რა შემთხვევებთან გქონდათ შეხება?

- რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ცენტრს, იქ ვმუშაობდი როგორც ჟურნალისტი და, ძირითადად, წინასაარჩევნო გარემოს ვაკვირდებოდი. მაშინ უშუალო შეხება მქონდა ბატონ ალეკო ცქიტიშვილთან, რომელიც არა მხოლოდ პროფესიონალია, არამედ საუკეთესო ადამიანიცაა. ვთვლი, რომ სწორედ ესაა მთავარი – ყველგან და ყოველთვის დარჩე ადამიანად...

© photo: courtesy of Nino Mshvidobadzeნინო მშვიდობაძე
ყველგან და ყოველთვის დარჩე ადამიანად, ანუ როცა სიყვარული მოსასწრებია - Sputnik საქართველო
ნინო მშვიდობაძე

- გჯერათ, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება?

- არათუ მჯერა, ზუსტად ვიცი, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. მე 9 აპრილს ვარ დაბადებული. ჩემი მეუღლისთვის გია ფირცხალაიშვილისთვის 9 აპრილს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც ის 1989 წლის 9 აპრილის მონაწილე იყო. მისი მეგობრები მიყვებოდნენ, რომ იმ სამი ბიჭიდან, რომელიც იმ ღამეს ტანკს გაუწვა, ერთ-ერთი გიაც იყო. რაც მთავარია, გიას დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე აქვს ხელი მოწერილი. ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა მხოლოდ ერთხელ მოვასწარით ერთად. მაშინ თბილისში ვიყავით, ღამის ოთხ საათზე გამაღვიძა და რუსთაველზე გამიყვანა. თავისი თანამებრძოლები, ყოფილი კოლეგები და მეგობრები უკვე იქ იყვნენ. ვუყურებდი ამ ადამიანებს და ვფიქრობდი – რა თავმდაბლები არიან. არადა, მათ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია შექმნეს…

© photo: courtesy of Nino Mshvidobadzeნინო მშვიდობაძე
ყველგან და ყოველთვის დარჩე ადამიანად, ანუ როცა სიყვარული მოსასწრებია - Sputnik საქართველო
ნინო მშვიდობაძე

- თქვენი სიყვარულის ისტორია...

- საოცარი ადამიანი იყო. როცა გია გავიცანი, არაფერი ვიცოდი მისი წარსულის შესახებ. ჩემთვის ის უბრალოდ კომფორტული რესპონდენტი იყო. სიყვარული მერე მოვიდა. პირველად მონასტერში წასულმა მომწერა, მიყვარხარო. მერე და მერე მივხვდი, რომ ეს კაცი, ასეთი ენერგიული და შემტევი, ამავდროულად საოცრად მორიდებული, უკვე მიყვარდა. წელიწად-ნახევარი ვიყავით ერთად, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ წუთიც არ გვქონია ერთმანეთის გარეშე… მე დედამ, ჩემმა ძმამ და საოცარმა ძმისშვილებმა გადამარჩინეს. როცა სულში იმედს და ადამიანებს ებღაუჭები იმიტომ, რომ გადარჩე, და თანაც ხედავ, როგორ გეხმარებიან ისინი, აუცილებლად დადგები ფეხზე. მერე კი სევდასაც, ტკივილსაც და სიკვდილსაც აჯობებ.

© photo: courtesy of Nino Mshvidobadzeღონისძიებაზე
ყველგან და ყოველთვის დარჩე ადამიანად, ანუ როცა სიყვარული მოსასწრებია - Sputnik საქართველო
ღონისძიებაზე

- დღეს ლანჩხუთის მერიის საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის სამსახურში ხართ...

- ვხედავ, რომ ლანჩხუთში დღეს ძალიან ბევრი კარგი რამ კეთდება: გზები არა მხოლოდ ქალაქში, არამედ სოფლებშიც იგება, მიუხედავად ამისა, გზების პრობლემა ჯერ კიდევ დღის წესრიგშია. აშენდა საბავშვო ბაღები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიებს, ხიდებსაც აშენებენ. მაგრამ, ვიმეორებ, კიდევ ბევრი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ 16 სოციალური პროგრამა გვაქვს, ეს საკმარისი მაინც არაა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს ეშველება და ყველაფერი დალაგდება.

© photo: courtesy of Nino Mshvidobadzeკოლეგებთან ერთად
ყველგან და ყოველთვის დარჩე ადამიანად, ანუ როცა სიყვარული მოსასწრებია - Sputnik საქართველო
კოლეგებთან ერთად

- გურიაში ოპტიმისტი ხალხი ცხოვრობს, თქვენ რაში გეხმარებათ გურული ბუნება?

- გურია და დანარჩენი მსოფლიოო – ასე ამბობენ. ოპტიმისტები ნამდვილად ვართ. მე მგონი, დედამიწაზე მხოლოდ გურულს შეუძლია სიკვდილზე გაიცინოს, ესეც ნიჭია – შიშის დაძლევის ნიჭი. მეც იუმორის გრძნობამ და ოპტიმიზმმა გადამარჩინა. გიას გარდაცვალებით მიღებული შოკიდან ჩემმა ოჯახმა გამომიყვანა.

© photo: courtesy of Nino Mshvidobadzeნინო მშვიდობაძე და მურმან ჯინორია
ყველგან და ყოველთვის დარჩე ადამიანად, ანუ როცა სიყვარული მოსასწრებია - Sputnik საქართველო
ნინო მშვიდობაძე და მურმან ჯინორია

- პოეზიაც ერთგვარი შვება და სტიმულია გადარჩენისთვის...

- შეიძლება ისე გავიდეს თვეები, ვერაფერი დავწერო. პოეზია ხომ ხელობა არ არის, რომ დაჯდე და დღეში ასი ლექსი გამოაცხო. ვერასოდეს ვუწოდებ ჩემ თავს პოეტს, მე მხოლოდ ლექსებს ვწერ. ვთვლი, რომ პოეტობა მეტისმეტად მძიმე ტვირთია ჩემი სუსტი მხრებისთვის. თანაც, პოეტი, ნამდვილი პოეტი, თითზე ჩამოსათვლელი ვიცი. და მაინც, თუ ნებას მომცემთ, ჩემს ერთ ლექსს გავაცნობ თქვენს მკითხველს, თუმცა, ეს უფრო ავტომიმართვაა და მას „მგზავრი“ ჰქვია.

პატარა ქალაქის პატარა ქუჩაა ჟორდანია,

ღამე - ფერად თითქოს მტვერგაცლილი იზაბელა,

მგზავრი მარტოდმარტო -

ქარსა და მუსიკას აყოლილი...

დუმს და

ვიღაც შორეული ახლობელი ენატრება.

ჭადრებს შეპარვიათ ქარი გაზაფხულის,

მეტიჩარა...

მგზავრი ცეკვა-ცეკვით ქუჩას მიმოედო,

ფოთოლივით...

მთელმა გაზაფხულმა ისე უხმაუროდ ჩაიარა,

ისე უხმაუროდ...

ძველი მატარებლის ვაგონივით...

ახლა სარაფნების და ჭრელი ქოლგების დადგა დარი,

ქუჩას მიუყვება მგზავრი -

აყოლილი ქარის რიტმებს...

ღამე - მტვერგაცლილი იზაბელას ფერი არი,

ქუჩა - ისეთია, ყველა სახელს მართლა ვერ მოირგებს...

ჰოდა,

ქუჩა ჟორდანიას,

ღამე - იისფერში გადასული...

მგზავრი მარტოდმარტო,

ღიღინ-ღიღინ გზას რომ მიუყვება...

და ეს გაზაფხულიც -

ცხადიდან სიზმრებში გაპარული,

სასიზმრეთშიაც რომ მხოლოდ შენეულად გეგულება...

ქუჩა ჟორდანიას...

ღამე - იისფერში გადასული...

- ყველაზე ხშირად რაზე წერთ?

- ერთხელ მითხრეს, სიკვდილზე ამდენს რატომ წერო. არ ვიცი რა და როგორ ხდება. როცა გროვდება განცდილი და გადატანილი, მერე ვწერ. სიკვდილს ორჯერ შევეჩეხე პირისპირ. ერთხელ გიას შემთხვევაში, მეორედ – მამის. მამასთან განშორება უფრო მძიმე ყოფილა... სიკვდილისადმი უცნაური დამოკიდებულება მაქვს – მეცოდება. როგორ არ შემეცოდოს, როცა არავის უყვარს, არავინ ელოდება, არავინ გადაუსვამს თავზე ხელს. შეიძლება ამიტომაც ვწერ. არ ვიცი, ან იმიტომ, რომ ზუსტად მივხვდი: როცა გვიყვარს, სიკვდილი ვერავის გვართმევს.

© photo: courtesy of Nino Mshvidobadzeნინო მშვიდობაძე
ყველგან და ყოველთვის დარჩე ადამიანად, ანუ როცა სიყვარული მოსასწრებია - Sputnik საქართველო
ნინო მშვიდობაძე

- ვფიქრობ, უკვე იცით რა არის ცხოვრებაში მთავარი...

- რახანია დავრწმუნდი, რომ ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია. სიყვარული არა მხოლოდ მოყვასის, არამედ, ზოგადად, სიყვარული. ადამიანი ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის, თორემ ცოტა უკეთესი, ეგება, ჩვენც უფრო მეტ ადამიანს შევყვარებოდით?.. ხშირად დამმართნია, რომ კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ მისი ხიბლიდან ვერ გამოვსულვარ. ასე დამემართა შმიტის „პილატეს სახარების“ წაკითხვის შემდეგ. ამ წიგნში არის ერთი ადგილი, როცა დედა ეხვეწება იესოს, ოჯახს მოეკიდეო, იესო პასუხობს: სიყვარულია მოსასწრები. აი, ეგაა მთელი იწილო-ბიწილო, ცხოვრების ავან-ჩავანი, ალფა და ომეგა, ანი და ჰოე. ჰოდა, მოვასწროთ სიყვარული, როგორმე მოვასწროთ…

 

ყველა ახალი ამბავი
0