თბილისი, 6 მაისი - Sputnik. კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე- პრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ COVID-19-ის კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველი სამიტი გაიმართა, რომელიც კორპორაცია Microsoft-ის მიერ იყო ორგანიზებული. სამიტის მთავარ მიზანს პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებზე მსჯელობა წარმოადგენდა. მასში საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც მიიღო მონაწილეობა და საზოგადოებას COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო.
„ჩვენ შთაგონებული ვართ იმ უზარმაზარი ძალისხმევითა და სიმტკიცით, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტრომ COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ სისტემის ადაპტაციის დროს გამოავლინა. სწორედ ეს ნაბიჯები დაეხმარა მოსწავლეებს, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სწავლის შეუფერხებლად გაგრძელებაში“, - განაცხადა ენტონი სალსიტომ.
მისი თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) საქართველო ამ მიმართულებით აღიარა, როგორც წამყვანი ქვეყანა.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტს შემოუერთდა და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტ ლიდერს თავისი გამოცდილება გაუზიარა“, - აღნიშნა სალსიტომ.
აღსანიშნავია, რომ OECD -მა 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყნას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილია. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
COVID-19 In Action: ხუთი პროფესია, რომლებიც პანდემიისას დაგეხმარებათ >>
საქართველოს განათლების სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამის ათვისების დისტანციურად დახმარების მიზნით პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს ტელეგაკვეთილებს ყველა კლასის მოსწავლეებისთვის. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „ტელესკოლა“ ევროპის მაუწყებელთა კავშირის სარეკლამო რგოლში მოხვდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნების ონლაინ–გაკვეთილებია ნაჩვენები. ვიდეორგოლში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტი.