თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 93% გამოცხადდა, განუცხადა ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. გრანტების კონკურსი გაიმართება 25 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 1-4 აგვისტოს. გამოცდები მასწავლებლებისთვის 22-30 ივლისს ჩატარდება. სულ წელს გამოცდებში 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი მონაწილეობს.
გორგოძის თქმით, გამოცდაზე დაგვიანების სულ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. მაღალი სიცხის გამო გამოცდაზე არ დაუშვეს ორი აბიტურიენტი – მათ სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსამდე აღენიშნებოდათ.
„სად დაფიქსირდა ეს შემთხვევები – კონფიდენციალურია. რამდენმა წარმოადგინა PCR–ტესტი, ამაზე ჯერ არ გვაქვს შეგროვებული ინფორმაცია. წინა წლებში გამოცდიდან მოხსნის ძირითადი ფაქტები უკავშირდებოდა ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანას. ამ ეტაპამდე ასეთი შემთხვევა არ გვაქვს და არავინ მოგვიხსნია ამ მიზეზებით", – განაცხადა გორგოძემ.
მან აღნიშნა, რომ რამდენიმე საგამოცდო ცენტრში უკვე ჩართეს კონდიციონერები.
აბიტურიენტები 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. სულ საქართველოში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ადგილის დაკავების შემდეგ შეუძლიათ ის მოიხსნან. თუ ისინი საგამოცდო ცენტრში პირბადის გარეშე გამოცხადდებიან, გამოცდაზე არ დაუშვებენ. თითოეულ აბიტურიენტს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიციონერს ჩართავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ.
აბიტურიენტებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი. სექტორში აბიტურიენტებს შეუძლიათ თან იქონიონ წყალი პლასტმასის ბოთლით და შავი ფერის კალამი. საგამოცდო სექტორში მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი 1 მეტრი იქნება.
თუ აბიტურიენტს გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში არანაირი რესპირატორული სიმპტომები და ტემპერატურა არ ჰქონდა, საგამოცდო ცენტრში თერმოსკრინინგის დროს კი ტემპერატურა დაუფიქსირდა, იგი გამოცდას იზოლირებულ სივრცეში ჩააბარებს.
აბიტურიენტებმა სამი გამოცდა უნდა ჩააბარონ – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. გამოცდა „ზოგად უნარებში" 2020 წელს გაუქმდა. მას აბიტურიენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.