თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველომ ყაზახეთს ჰუმანიტარული დახმარების სახით ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ათი ახალი აპარატი გაუგზავნა, იუწყება „Sputnik-ყაზახეთი" ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ათი ახალი აპარატი თბილისიდან ალმათში 6 ივლისს, დილით ჩავიდა.
„ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ათი ახალი აპარატი ნურ-სულთანის სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდება", – განაცხადეს ყაზახეთის საგარეო უწყებაში.
უწყებამ „საქართველოს მეგობარ ხალხს, მათ შორის, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ხელმძღვანელს დავით ბეჟუაშვილს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა.
უფრო ადრე ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსეი ცოიმ განაცხადა, რომ რესპუბლიკაში ფუნქციონირებს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 3 294 აპარატი, ბოლო თვეში შეიძინეს 978 აპარატი და დამატებით კიდევ დაახლოებით ათასის ყიდვას აპირებენ.
ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში კორონავირუსის 48 574 შემთხვევა გამოვლინდა.