თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
COVID-19-ის სამი ახალი შემთხვევა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს უკავშირდება >>
უნივერსიტეტის ცნობით, დაზუსტებულია დაინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები და დეტალური ინფორმაცია მიეწოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.
ინფიცირებულთან სამსახურეობრივი კონტაქტი თანამშრომლების საკმაოდ მცირე რაოდენობას ჰქონდა. ინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდება PCR-ტესტირება და გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში.
უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა. მეათე კორპუსში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
უნივერისტეტში აცხადებენ, რომ თსუ-ში სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინრეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები ტარდება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში. ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც რამდენიმე თანამშრომელს დროის მცირე მონაკვეთით უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება.
„ამასთან, თსუ სრულად არის უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ყველა შენობა აღჭურვილია დეზობარიერით, სადეზინფექციო საშუალებებით, ხორციელდება შენობაში შესვლისას თერმოსკრინინგი. მომხდარი ფაქტის გამო დამატებით გატარდა პრევენციული ზომები“, – ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ოთხი პაციენტი ვერ ამბობს, როდის და სად შეიძლება დაინფიცირებულიყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ფიქრობენ, რომ კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა, რომელთა ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა, მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ვირუსი ცირკულირებს. გუშინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან ხუთის წყარო უცნობი იყო. ერთ-ერთი ინფიცირებული კომპანია „თეგეტა-მოტორსის“ თანამშრომელია, მეორე - სადაზღვევო კომპანია „უნისონის“.
კორონავირუსის გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ოთხის წყარო უცნობია >>
ამ დროისათვის კლინიკებში კორონავირუსით 121 პაციენტი მკურნალობს.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 831 ადამიანს დაუდგინდა. კარანტინში იმყოფება 3 230 ადამიანი, სტაციონარებშია 285, გამოჯანმრთელდა 694 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 13 პაციენტი.