COVID-19-ის სამი ახალი შემთხვევა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს უკავშირდება

© photo: Sputnik / Stringerრესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკის მედპერსონალის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია – ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა რესპუბლიკურ საავადმყოფოს უკავშირდება, განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაოდენობას დღის განმავლობაში კიდევ სამი დაემატა.

ტესტები - Sputnik საქართველო
კორონავირუსის გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ოთხის წყარო უცნობია

„სამედიცინო პერსონალიდან კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა. გუშინ იყო პირველი შემთხვევა და დღეს კიდევ სამი დაემატა. მუდმივად ვაფრთხილებთ ყველას, მათ შორის მოსახლეობასაც, რომ ვირუსი არსად წასულა, იგი ჩვენ გვერდით ცხოვრობს და ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ და დავარღვიოთ წესები. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი შემთხვევა მოხდა", – განაცხადა გოფოძემ.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსზე ბოლო გეგმური ტესტის პასუხები უარყოფითი იყო და ახლა მედპერსონალს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება.

რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, გოფოძისთვის იგი უცნობია.

„წყაროს დასახელება ძალიან ძნელია. პირველი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, იყო დერეფნის დამლაგებელი. მას უშუალოდ პაციენტებთან შეხება არ ჰქონდა, მაგრამ საიდან დაინფიცირდა – ჩვენთვის უცნობია. ამაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს. იგი იკვლევს მის კონტაქტებს", – განაცხადა გოფოძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 11 ივნისისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 831-ს მიაღწია, მათგან გამოჯანმრთელდა 694, გარდაიცვალა 13 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0