თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევები საკარანტინო სივრცეს და სამედიცინო პერსონალს უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში ბოლო 24 საათში ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ოთხი პაციენტი ვერ ასახელებს, სად და როდის შეიძლება მომხდარიყო მათი ინფიცირება.
„ექვსი ახალი პაციენტიდან ერთი ე.წ. იმპორტირებული შემთხვევაა, რომელიც საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს კლინიკაში, მეორე მედპერსონალს უკავშირდება. ოთხი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია და მათი დადგენა ამ დრომდე გრძელდება. მიმდინარეობს კონტაქტების გაფართოებული კვლევა", – განაცხადა ეზუგბაიამ.
ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. იგი ქრონიკული დაავადებების მქონე ასაკოვანი ქალია. ეზუგბაიას თქმით, ქალი ძირითადად სახლში იმყოფებოდა. მას კორონავირუსი თერმოცენტრში დაუდგინეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამომდინარე იქიდან, რომ ქალს შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული დაავადება და ჰიპერტენზია აქვს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 41 პაციენტი მკურნალობს.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვითარება არ შეცვლილა – კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სულ სამი პაციენტი მკურნალობს. რეანიმაციულ განყოფილებაში კი ერთი პაციენტი რჩება.
იმ კლინიკებში, რომლებიც იღებენ პაციენტებს კორონავირუსის დიაგნოზით, ამჟამად 121 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 828 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 694 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 13 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3230, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 285 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.