კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ერთი პაციენტი რუსეთის მოქალაქეა

© photo: Government of Georgia / FBპაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე
პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა, რომელთა ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა, მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ვირუსი ცირკულირებს.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებული ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქეა.

როგორც ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ეს ადამიანი ქვეყანაში საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ გავლით შემოვიდა და მაშინვე კარანტინში მოთავსდა. სწორედ კარანტინში გამოუვლინდა მას სიმპტომები, შემდეგ კი დაუდგინდა კორონავირუსი.

კორონავირუსის გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ოთხის წყარო უცნობია>>

კიდევ ერთი პაციენტის ინფიცირების პირველწყარო ნაპოვნია, ხოლო ოთხ შემთხვევაში გაძლიერებულად გრძელდება ეპიდემიური გამოკვლევა. გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ სპეციალისტები შეძლებენ წყაროს პოვნას და დაავადების ჯაჭვის გაწყვეტას. მან ამ შემთხვევებს საგანგაშო უწოდა, რადგან ეს ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ შეგვექმნება ილუზია, რომ ჩვენ კოვიდი უკვე დავამარცხეთ. პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში. საქართველო ამ სამყაროს ნაწილია, კოვიდი არ დაგვიმარცხებია, პანდემია ცირკულირებს და არავინ იცის, განსაკუთრებით ამ შემსუბუქების პერიოდში, სად, როდის იჩენს ის თავს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას სიფრთხილისკენ და შეახსენა საზოგადოებას, რომ ყველა მოქალაქემ, რომელსაც ექნება შესაბამისი სიმპტომები – ტემპერატურა 37 გრადუსი და ზემოთ, ხველება, გართულებული სუნთქვა, რესპირატორული სიმპტომები, უნდა მიმართოს ოჯახი ექიმს ან დარეკოს „112“-ზე. ყველა ასეთ შემთხვევაში PCR ტესტი უნდა ჩატარდეს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ინფიცირების ოთხი შემთხვევა, რომელთა წყაროც დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი

მისი თქმით, საქართველოში ამჟამად ტესტებს კორონავირუსზე 18 ლაბორატორიაში აკეთებენ. ერთ დღეში ქვეყანას დაახლოებით 1,5 ათასი ტესტის ჩატარება შეუძლია და ქვეყანას ამ მაჩვენებლის 4,5 ათასამდე გაზრდის შესაძლებლობა აქვს.

გამყრელიძის განცხადებით, ახლა მედიკოსებს ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ უტარებენ, მაგრამ 15 ივნისიდან ექიმების ნაწილს PCR ტესტი კვირაში ერთხელ ჩაუტარდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში მთელი პანდემიის განმავლობაში კორონავირუსი 97 მედიკოსს დაუდგინდა, რაც რეგისტრირებული შემთხვევების 13%-ია.

გამყრელიძის თქმით, მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმად, განისაზღვრება ადამიანების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც ვალდებული იქნებიან, ჩაიტარონ PCR ტესტი. ამისთვის ქვეყანას ტესტების საკმარისი რაოდენობა აქვს.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ოთხი პაციენტი ვერ ამბობს, როდის და სად შეიძლება დაინფიცირებულიყო.

COVID-19 საქართველოში: გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება>>

ამ დროისათვის კლინიკებში 121 პაციენტი მკურნალობს.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 831 ადამიანს დაუდგინდა. კარანტინში იმყოფება 3 230 ადამიანი, სტაციონარებშია 285, გამოჯანმრთელდა 694 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 13 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0