თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 828 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 694 გამოჯანმრთელდა. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს ხუთჯერ და მეტად აჭარბებს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 13 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3230, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 285 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.