01:31 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
129 0 0

საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი არ დაუჭირა მოსარჩელეებს, მაგრამ მოუწოდა სახელმწიფოს, იპოვოს გამოსავალი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც, რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, უარს ამბობენ პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობის აღებაზე.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი მოქალაქეებისთვის პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობის, ე.წ. ID ბარათის გაცემის წესის არაკონსტიტუციურად აღიარების შესახებ, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

სასამართლო გარჩევა პირადობის დამადასტურებელი ალტერნატიული მოწმობების თემაზე 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეები – ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი აცხადებდნენ, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობით სარგებლობაზე უარს ამბობენ რელიგიური რწმენიდან გამომდინარე. მათი თქმით, ასეთ დოკუმენტში მოთავსებულია ჩიპი, რომელიც ტოტალური კონტროლის საშუალებას იძლევა, რაც უკავშირდება ბიბლიურ წინასწარმეტყველებას აპოკალიფსის შესახებ.

სასამართლო გარჩევის დასრულებამდე შეჩერებული იყო ID–ბარათების სავალდებულო გაცემა, მორწმუნეთა ერთმა ჯგუფმა შეძლო ერთი თვის ვადით პასპორტის მიღება ჩიპის გარეშე. 26 დეკემბრიდან 4 ივნისის ჩათვლით სულ გაიცა ძველი სახის 251 მოწმობა, რომელთაგან დღემდე სულ 36 მოქმედებს.

„მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო რეგულაციით სახელმწიფო მათ ავალდებულებს საკუთარი რწმენის საწინააღმდეგოდ მოქმედებას, რაც არღვევს მართლმადიდებელ ქრისტიანთა რელიგიურ თავისუფლებას“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

ამასთან მოპასუხე მხარეებმა – საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და პარლამენტმა სასამართლოს განუმარტეს, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობები მაქსიმალურადაა დაცული გაყალბებისგან და მინიმუმამდე მცირდება დოკუმენტების ან საქმისწარმოების ფალსიფიკაციის საქმეები.

საქართველოში „ჩიპიანი" პირადობის მოწმობების შესახებ ნორმის მოქმედება შეჩერდა>>

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ელექტრონული მოწმობები არ არღვევს აღმსარებლობის გარანტირებულ თავისუფლებას. მაგრამ, ამავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს და იპოვოს გამოსავალი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც, რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, უარს ამბობენ პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობის აღებაზე

იუსტიციის სამინისტრო კმაყოფილი დარჩა ამ გადაწყვეტილებით და პირობა დადო, რომ მოქალაქეების ამ ჯგუფისთვის გამოსავალს იპოვის.

პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჩიპებით საქართველოში 2011 წელს გაჩნდა. ID–ბარათით შესაძლებელია ადამიანის იდენტიფიცირება მანძილზე, ინტერნეტის მეშვეობით. გარდა ამისა, ის საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის შესაძლებლობას იძლევა, ასევე ამ ბარათით შეიძლება თურქეთსა და უკრაინაში დამატებითი დოკუმენტების გარეშე წასვლა.

საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში წასვლას პირადობის მოწმობით შეძლებენ>>

პირადობის დამადასტურებელ ამ მოწმობებს მოწინააღმდეგებიც ჰყავს – მორწმუნეთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩიპი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. ჯგუფის წევრები უარს ამბობენ ამ მოწმობების აღებაზე და თავისებურ სოციალურ იზოლაციაში ექცევიან.

დოკუმენტების გარეშე საქართველოში შეუძლებელია მონაწილეობის მიღება არჩევნებში, სამედიცინო მომსახურების მიღება, სწავლა, მუშაობა, ტრანსპორტის ზოგიერთი სახეობით სარგებლობა, საბანკო-საფინანსო დაწესებულებებთან ურთიერთობა, ტექნიკის ყიდვა და ა.შ.

მთავარი თემები