05:43 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1148)
229 0 0

შეზღუდვების მოხსნა სიფრთხილით მოხდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოში კომენდანტის საათის დროის შემცირების და საერთოდ მოხსნის საკითხი აქტიურად განიხილება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მარტში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი - 21:00 საათიდან 06:00 საათამდე. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაუქმდება კომენდანტის საათი.

იმნაძის განცხადებით, ცენტრის რეკომენდაციები და შემდეგ სახელმწიფოს რეგულაციები მიმართული იყო მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისკენ და არა ცალკეული მოქალაქეების კომფორტის გასაუმჯობესებლად.

„განიხილება როგორც კომენდანტის საათის დროის შემცირების საკითხი, ასევე საერთოდ მისი მოხსნის საკითხი აქტიურად განიხილება. ჩვენი რეკომენდაცია და სახელმწიფოს რეგულაციები, სამწუხაროდ, არ იყო ჩვენი ცალკეული მოქალაქეების კომფორტის გასაუმჯობესებლად. ლაპარაკი იყო საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განმარტებით, პანდემიის პირობებში საქართველო ვერ იქნებოდა ექსპერიმენტული ველი, თუმცა ეს გააკეთა ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ.

„სხვათა შორის, არავინ არ ახსენებს ბელარუსს, როდესაც შვედეთს ახსენებენ ხოლმე, რადგან ბელარუსი კიდევ უფრო შორს წავიდა შვედეთთან შედარებით და დიდი თავყრილობები საერთოდ არ აუკრძალია... 50 პროცენტზე მეტი შვედი მარტო ცხოვრობს, ცალკე ცხოვრობს ბინებში, მათ არ სჭირდებათ კარანტინი“, - განაცხადა იმნაძემ.

იმნაძემ აღნიშნა, რომ ინფექციის გავრცელება უნდა შეეკავებინათ და რადგან მსოფლიოში არ არსებობდა შესაბამისი გამოცდილება, უნდა დალოდებოდნენ, რა მოხდებოდა სხვა ქვეყნებში, რომ მათ მაგალითზე მომზადებულიყვნენ.

მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნა სიფრთხილით მოხდება.

„ყველაფერი ნელ-ნელა გაიხსნება, კომენდანტის საათიც მოიხსნება, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება სიფრთხილის ფონზე“, – დასძინა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში 647 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 372, გარდაცვლილი - 11. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4461, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 394.

27 აპრილიდან საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1148)

მთავარი თემები