თბილისი, 13 მაისი - Sputnik. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში შემცირდა კორონავირუსის გავრცელების რისკი, კლინიკებში გეგმური ოპერაციები განახლდება, განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
მარტის ბოლოს გამოცხადდა, რომ საქართველოში ყველა გეგმური ოპერაცია ოთხი თვით გადაიდებოდა, გადაწყვეტილება არ ეხებოდა გადაუდებელ ოპერაციებს.
მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს 30 მედიკოსი თვითიზოლაციაშია >>
გაბუნიას სიტყვებით, კლინიკები მზად არიან მუშაობისა და უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვისათვის.
ბოლო 2-3 თვეში კლინიკებში მიმართვიანობამ იკლო გეგმური შემთხვევების ხარჯზე. ექიმებთან ვიზიტების გადადების გადაწყვეტილება თავად პაციენტებმა მიიღეს, აღნიშნა გაბუნიამ.
„პანდემიის პირობებში არ იყო რეკომენდებული ინტენსიური გეგმური ოპერაციების ჩატარება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის წინაშე ვიმყოფებოდით. ახლა, როდესაც ეს რისკი შემცირდა, კლინიკების მზადყოფნა, გააკონტროლონ ინფექცია, გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ეს ეპიდემიის დასაწყისში იყო. ვფიქრობთ, რომ გეგმური ოპერაციების ჩვეულებრივი ტემპი აღდგება“, - ხაზი გაუსვა გაბუნიამ.
კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ერთ დღეში რვით გაიზარდა და, განახლებული მონაცემებით, 647 შეადგინა. გამოჯანმრთელებულია 372 ადამიანი, 11 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინში იმყოფება 4 461 ადამიანი, სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ - 394. სამი მოქალაქე სამკურნალოდ ქვეყანაში საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანეს.
გუშინ, საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან პირველად, ერთ დღეში მხოლოდ ერთი ინფიცირებული გამოვლინდა.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.