03:45 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
71 0 0

გამჭოლი მზერის ჭაღარა ქალბატონს ვეკითხები: „რა გსურთ ახლა ყველაზე მეტად?“ ევდოკია დაუფიქრებლად და მშვიდად მპასუხობს: „სიკვდილი“. და ტირის...

„სიკვდილი მინდა ყველაზე მეტად, - იმეორებდა იგი. - რისთვის ვცოცხლობ, შვილო, ვისთვის? სულაც არ მინდა, მაგრამ ალბათ ღმერთის ნებაა, ასე ვიტანჯებოდე. ჩემ ასაკამდე მოიყარეთ... მაგრამ მეტი არ არის საჭირო...“

ეს ევდოკია კლიმოვაა, 102 წლის, დიდი სამამულო ომის ვეტერანი. როდესაც თავისი ცხოვრების ისტორია მიამბო, ვინანე, რომ კინორეჟისორი ან მწერალი არ ვიყავი. ასეთი მძიმე ისტორიების მოსმენას ადამიანები ტელეეკრანებიდან და წიგნებიდან არიან შეჩვეული და არა სასიამოვნო მოხუცისგან, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა.

„და რა იყო შემდეგ?“

ევდოკია კლიმოვა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში ცხოვრობს. მას ყოველდღიურად აკითხავს მომვლელი. მოხუცს ხშირად ის ადამიანებიც სტუმრობენ ხოლმე, რომლებისთვისაც მისი ბედი სულერთი არ არის. ამიტომ უყვარს ევდოკიას ისინი ძალიან.

Евдокия Климова ветеран ВОВ
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევდოკია კლიმოვა

კლიმოვას სახლში სიბერის ნაცნობი სუნი ვიგრძენი. ბინა ოროთახიანი, მაგრამ ფართო და ნათელია. ყვავილებშია ჩაფლული. გუშინ ომის ვეტერანს 102 წელი შეუსრულდა.

ასაკით დამძიმებულ ევდოკიას სიარული უჭირს. მისი პირველივე სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩემ წინ კეთილშობილი და უზომოდ სასიამოვნო ადამიანი დგას. შვილივით მექცევა და ამბობს: „რაც მახსოვს, იმას მოგიყვები. შენ მკითხე, შვილო, რაც გინდა, თუ არ გამახსენდება - რას ვიზამთ?!“

თუმცა მეხსიერება შესაშური აქვს. უბრალოდ შეიძლება ზოგიერთი თარიღისა თუ სახელის გახსენება გაუჭირდეს, სამაგიეროდ ყველა მოვლენის დეტალები მეხსიერებაში ფოტოგრაფიული სიზუსტით აქვს ჩაბეჭდილი.

ოჯახში ევდოკია ძმებთან და დებთან ერთად ცხოვრობდა. „სმოლენსკიდან 17 კილომეტრის დაშორებით, გლეხის ოჯახში ვცხოვრობდით“, - იხსენებს მოხუცი.

„მამას რამდენიმე ძმა ჰყავდა, ამიტომ პაპამ ყველას მიწა გაუნაწილა. ყველა თავის ოჯახს აშენებდა. თავად ჰყიდდნენ რძეს, კარაქს... გვყავდა საქონელი, ქათმები, ბატები“, - იხსენებს ევდოკია ღიმილით.

როდესაც გოგონას 17 წელი შეუსრულდა, ქალაქში გაემგზავრა, როგორც თავად ამბობს, განათლების მისაღებად და ტექსტილის წარმოების სპეციალობის დასაუფლებლად. მალევე გათხოვდა და 1940 წელს ვაჟი ვოლოდია შეეძინა. „შემდეგ... რა იყო შემდეგ?“ - ძაბავს გონებას ევდოკია. რამდენიმე წამით ჩუმდება. - შემდეგ იყო ომი“.

დაკარგვა და შეძენა

დაიწყო ომი და ევდოკია იძულებული გახდა, დაევიწყებინა განათლება, ოჯახური ბედნიერება და კიდევ უამრავი სხვა ქალური სურვილი. მხოლოდ ისღა დარჩენოდა - თავი გაეწირა და ომში წასულიყო, როგორც ეს ბევრმა გააკეთა. კლიმოვა ფრონტზე სანიტარად წავიდა.

Евдокия Климова ветеран ВОВ
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევდოკია კლიმოვა

„შვილი დედაჩემთან დავტოვე და ფრონტზე წავედი, - იგონებს ევდოკია. - ყველანი ნებაყოფლობით წავედით. ადრე ახალგაზრდობა ასეთი იყო. როცა გერმანელი მოდიოდა, ჩვენ ოკუპაციაში მოვხვდით, პარტიზანებად გავიხიზნეთ. როდესაც 1943 წელს ჩვენებმა მოსკოვი დაიბრუნეს, გერმანელები უკვე გარბოდნენ!“

როგორ მოხვდა ბელარუსის პირველ ფრონტზე, ევდოკიას აღარ ახსოვს. ეს ფრონტი 1944 წლის 24 თებერვალს შეიქმნა ბელარუსიის, პოლონეთის გასათავისუფლებლად და ბერლინისთვის ბრძოლაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა.

ეს ცხელი დღეები და ღამეები იყო. იმ დროის მოგონებები ევდოკიას მეხსიერებაში ძალიან ბუნდოვანია. აგონდება ცალკეული კადრები, დაბომბვა, მეომრების სიკვდილი, ტკივილი, სიცივე, ცრემლი... კლიმოვა ყოველდღე ცდილობდა დაჭრილების გადარჩენას და ყოველღამე ელოდა განთიადს, როგორც ბედნიერებას.

„ჯარისკაცებს ვეხმარებოდით, ჭრილობებს ვუხვევდით - აი ასეთი სამუშაო მქონდა. მძიმე იყო. შემდეგ უნგრეთამდე ჩავედით. იქ დამჭრეს და ჰოსპიტალში მოვხვდი. მაშინ ფეხი დამიზიანდა ძალიან. მაგრამ გადავლახე, როგორ - არც ვიცი...“ - ამბობს ქალი.

ომი დამთავრდა, როდესაც ევდოკია ჰოსპიტალში იწვა. მაშინ განიცადა პირველი დანაკარგი - ევდოკიას მეუღლე, რომელიც ასევე ფრონტზე იბრძოდა, 1943 წელს სმოლენსკთან დაიღუპა.

მაგრამ ბედმა ქალისთვის კიდევ ერთი პირადი სიხარული გაიმეტა. ევდოკიამ ფრონტზე გაიცნო ქართველი კაპიტანი - გიორგი ლორთქიფანიძე. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე დაქორწინდნენ. ასე აღმოჩნდა ქალი საქართველოში.

ცხოვრება ომის შემდეგ

„საქართველო ძალიან პატარა მომეჩვენა. მარტო რუსთაველი და დეზერტირები. კიდევ ტრამვაი დადიოდა...“ - იხსენებს ევდოკია.

Евдокия Климова ветеран ВОВ
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევდოკია კლიმოვა

ქმარმა ის ულამაზეს გურიაში, სოფელ ლანჩხუთში წაიყვანა. როგორც ვეტერანი ქალბატონი აღიარებს, სოფელში რთული ვითარება იყო - ახალდაქორწინებულებს პატარა სახლი ჰქონდათ. თუმცა მეურნეობას მისდევდნენ, ჰყავდათ გოჭები, ბატკნები.

„წამოსვლა მინდოდა, მაგრამ ქმარს ისე ვუყვარდი და მეც ისე მიყვარდა, რომ საქართველოში დარჩენა გადავწყვიტეთ“, - ამბობს ღიმილით ევდოკია.

1946 წელს „ქმრის ძალიან განათლებულმა დეიდამ, რომელსაც რაღაც მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, ახალგაზრდები საცხოვრებლად თბილისში გადაიყვანა, სადაც მას დიდი სამსართულიანი სახლი ჰქონდა. იქ მხოლოდ ევდოკია ცხოვრობდა, როგორც შინამოსამსახურე. ყველაფერი მას დააწვა მხრებზე: ალაგებდა, რეცხავდა, ამზადებდა. მოგვიანებით ქმარს, რომელიც სამხედრო კომისარიატში მსახურობდა, 12 კვადრატული მეტრი ფართის პატარა ოთახი მისცეს. წყვილი საკუთარ ბუდეში გადავიდა საცხოვრებლად.

„ამით დავიწყეთ მშვიდი ცხოვრება. ჩამოვიყვანეთ ჩემი შვილი ვოლოდია, რომელიც სმოლენსკში დედაჩემთან იზრდებოდა. ჩემმა მეუღლემ ის იშვილა კიდეც“, - ყვება ევდოკია.

„ყველა დავკარგე“

მაგრამ მალე უბედურება მოხდა: 13 წლის ვოლოდიას მანქანა დაეჯახა და დაიღუპა. „ეს მოხდა... რომელ წელს გარდაიცვალა სტალინი? ხო, ზუსტად! 1953 წელს“, - იხსენებს კლიმოვა.

Евдокия Климова ветеран ВОВ
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევდოკია კლიმოვა

ერთ წელიწადში საყვარელი მეუღლე გიორგიც დაკარგა.

„ჩემს ქმარს არ ჰქონდა ცალი ფილტვი, სამი ნეკნი. ინვალიდი იყო. როდესაც შვილი დავმარხეთ, ერთ წელიწადში ისიც გარდაიცვალა. ქალიშვილ ლარისასთან ერთად, რომელიც 1946 წელს შემეძინა, მარტო დავრჩი. მთელი ოჯახი ტრაგიკულად დამეღუპა“, - ამბობს ევდოკია.

80-იან წლებში გარდაეცვალა სიძე, ქალიშვილის ქმარი.

Евдокия Климова ветеран ВОВ
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევდოკია კლიმოვა

ევდოკიას ორი სიხარულიღა დარჩა - ქალიშვილი და შვილიშვილი დათუნა, რომელსაც კლიმოვა 14 წლამდე ზრდიდა და მას პრაქტიკულად დედობას უწევდა. ძალიან უმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ ბედმა მას შვილიშვილიც წაართვა, შემდეგ კი ქალიშვილი, რომელმაც შვილის დაკარგვა ვერ გადაიტანა.

„რადიოს სადენები გაყავდა. კიბეზე ავიდა, ფიქრობდა, მყარი იყო, მაგრამ ჩამოვარდა, - ხმის კანკალით იგონებს ევდოკია. - ასე დაიღუპა დათუნა. როდესაც სახლში მოიყვანეს, ჩემს ქალიშვილს გულმა ვეღარ გაუძლო. როდესაც მკვდარი შვილი დაინახა, დამბლა დაეცა.

სამი წელი საწოლს იყო მიჯაჭვული, მერე კი გარდაიცვალა.

ქვეყანაზე ბევრი კეთილი ადამიანია

ევდოკია კლიმოვას ბინაში სიმყუდროვეა. ის დაჟინებით მთხოვს, კადრში მოვახვედრო მის დაბადების დღეს მორთმეული ყვავილები. კედელს ძველი ხალიჩა ამშვენებს. კარადის თაროები სავსეა მისალოცებით, ფოტოებით.

Евдокия Климова ветеран ВОВ
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევდოკია კლიმოვა

„დავრჩი კეთილი ადამიანების იმედად. ყველა, ვინც მეხმარება, ყველა კეთილი, კარგი ადამიანია. არ მტოვებენ მარტო არცერთ დღესასწაულზე: ახალ წელს, დაბადების დღეს, 8 მარტს, აღდგომას და 9 მაისს. 9 მაისს ჩემთან ყოველთვის ქეიფია.

მობრძანდით ხოლმე, გელოდებით!“ - ხმამაღლა მეპატიჟება ევდოკია.

ქალს ხშირად სტუმრობს შორეული ნათესავი ტატიანა ჯალაღონია, რომელიც ევდოკიას ძალიან უყვარს. ტატიანა ხუმრობს, რომ ვეტერანთან მხოლოდ მტვრის გადასაწმენდად მოდის: „ის ხომ მაღალი არ არის“.

თავად ევდოკია, სოლიდური ასაკის მიუხედავად, ცდილობს იმოძრაოს, არ იჯდეს ერთ ადგილზე. მაგრამ თუ ზის, ფეხებსა და ხელებს მაინც ამოძრავებს. მისი თქმით, ნებისმიერი მოძრაობა - სიცოცხლეა.

ყოველდღიური პატარა გამარჯვებაა - თუ თვითონ მივა აბაზანამდე ან დამოუკიდებლად მოამზადებს რამეს. ახალი წლისთვის, როგორც ამბობს, ტოლმას ხარშავს. თავის ასაკს კი ღმერთის საჩუქარს უწოდებს.

„ღმერთი მაცოცხლებს. ორი წლის წინ დავეცი, ოპერაცია გამიკეთეს და ამის შემდეგ ყავარჯნებზე დავდექი. შარშანდელი დაბადების დღის წინაც დავეცი. ხელი სულ ჩალურჯებული მქონდა, იდაყვი დამემსხვრა, სუნთქვაც მიჭირდა. მაგრამ ყველაფერი მიხორცდება, როგორც ძაღლს! ღმერთი მიჭერს, მხოლოდ უფალი“.

ევდოკიას მომვლელი სუფრასთან გვეპატიჟება. მასპინძელი დაჟინებით გვთხოვს, დავეწვიოთ.

სუფრა სხვადასხვა კერძითაა გაწყობილი, მაგრამ ევდოკია, პირველ რიგში, თავისი მომზადებული „ხალადეცის“ გასინჯვას გვთხოვს. ეს კერძი არასდროს დამიგემოვნებია, უბრალოდ ხორცი არ მიყვარს. მაგრამ 102 წლის ვეტერანის მომზადებული „ხალადეცი“, რა თქმა უნდა, გავსინჯე.

თბილი დამშვიდობების შემდეგ ევდოკია ამბობს: „ყველაფერი გიამბეთ, რაც მახსოვს და არ მახსოვს. ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა. მთელი ცხოვრება“.

 

 

მთავარი თემები