უშიშნი ვითარცა უხორცონი: ამბავი ქართველი „ღიმილის ბიჭების“ გმირობისა

© National Library of Georgiaკონსტანტინე ლორთქიფანიძე ჩამოგდებულ ბომბზე
კონსტანტინე ლორთქიფანიძე ჩამოგდებულ ბომბზე  - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
გამოწერა
78 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მელიტონ ქანთარიამ და მიხეილ ეგოროვმა რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართეს. თუმცა ამას წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი უშეღავათო და სისხლიანი ომი ფაშისტურ გერმანიასთან, რასაც დაახლობით 35-40 მილიონი ადამიანი შეეწირა.

მავანთ არაერთხელ წამოუძახებიათ ქართველებისთვის, თითქოს მეორე მსოფლიო ომის დროს ბერია და სტალინი „გვიფრთხილდებოდნენ“ და ფროტზე არ გავყავდით. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია. რეალური სტატისტიკა საწინააღმდეგოს მეტყველებს. საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდა ფაშიზმის დამარცხება. ასობით ათასმა ქართველმა დედამ ჩაიცვა შავი, ზოგი ქართული ოჯახი ისე ამოწყდა, რომ აღარავინ დარჩა სულიერი. უამრავი სოფლისა და დაბის მოსახლეობა თითქმის განახევრდა.

მაგალითად:

  • ამბროლაურის რაიონის სოფელ წესიდან 325 კაცი გაიწვიეს ომში, მათგან მხოლოდ 72 დაბრუნდა ცოცხალი.
  • ჭიათურის რაიონის ორი პატარა სოფლიდან — თვალუეთიდან და ცხუკვეთიდან ომში 168 კაცი წავიდა და 107 ვეღარ დაბრუნდა;
  • ბაღდათის სოფელ ფერსათში 458 გაწვეულიდან 288 დაიღუპა;
  • საჩხერის რაიონის სოფელ მერჯევში 250 გაწვეულიდან 117 შინმოუსვლელია...

ერთი სიტყვით, ნაცისტური ჭირის განადგურებაში საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა. სამმილიონიანი ქვეყნიდან 700-750 ათასი მეომარი მონაწილეობდა საომარ ოპერაციებში, რომელთაგან დაახლოებით 350 ათასი ბრძოლის ველზე დაეცა. 168 ჩვენს თანამემამულეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, მათგან 42-ს - სიკვდილის შემდეგ.  

ქართველი მზის კაცი: პოეტი და მეომარი მირზა გელოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
ქართველი მზის კაცი: პოეტი და მეომარი მირზა გელოვანი

ქართველებმა ფაშიზმის წინააღმდეგ ომში სიმამაცითა და შეუპოვრობით მტერიც განაცვიფრეს და მოყვარეც.

ომის პირველსავე დღეებში უამრავი ქართველი წავიდა წინა ხაზზე. ხშირი იყო შემთხვევა, როცა ერთი ოჯახიდან რამდენიმე წევრი მიდიოდა ომში. მაგალითად, სხვადასხვა ფრონტებზე გმირულად იბრძოდა შვიდი ძმა ლოლაძე (თელავის რაიონი, სოფელი ხოდაშენი), ექვსი ძმა ფირუაშვილი (გორის რაიონი, სოფელი კარალეთი), ექვსი ძმა ბუხრიკიძე (ხაშურის რაიონი, სოფელი ზემო ოსიაური), ხუთი ძმა ოსეფაშვილი (მცხეთის რაიონი, სოფელი ნიჩბისი), ხუთი ძმა ბურდილაძე (ონის რაიონი, სოფელი ფარახეთი), ხუთი ძმა ჯიბლაძე (აბაშის რაიონი, სოფელი გეზათი), ხუთი ძმა ჯანიაშვილი (საგარეჯოს რაიონი, სოფელი ხაშმი) და მრავალიც სხვა.

ფაშისტებს ებრძოდა სოხუმის რაიონის სოფელ მაჭარას მკვიდრი, ტანკისტი გიორგი შანგუაც, რომელმაც 1942 წლის აპრილამდე ფრონტის სხვადასხვა უბანზე მოწინააღმდეგის 51 ქვემეხი, 31 ტყვიამფრქვევი და 200-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი გაანადგურა.

ლენინგრადის გმირ დამცველთა რიგებში იყო ტყვარჩელელი ერემია კვარჭია. მშრომელი გლეხი მსროლელი ტანკისტი გახდა და დაუნდობლად ანადგურებდა მტერს. ერთ-ერთ ბრძოლაში მისმა ტანკმა სამ გერმანულ ტანკს გაუმართა ბრძოლა, ერთი ააფეთქა, ორი - დააზიანა, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში კვარჭიას ტანკიც მწყობრიდან გამოვიდა, მძიმედ დაიჭრნენ მეთაური და წამყვანი. მოწინააღმდეგეებს მათი ხელში ჩაგდება სურდათ, მაგრამ ერემია კვარჭია ორი დღე-ღამე იგერიებდა მტერს. მან არც ტანკი დათმო და არც დაჭრილი თანამებრძოლი. როცა დამხმარე რაზმი მოვიდა, ერემიას ტანკის გარშემო ასზე მეტი ფაშისტის გვამი იხილეს.

ქართველები იცავდნენ სევასტოპოლსაც. მათ შორის განსაკუთრებით ისახელა თავი ხონის რაიონის სოფელ მათხოჯის მკვიდრმა, ზემდეგმა ნოე ადამიამ. მან 1942 წლის 16–22 ივნისის შუალედში მებრძოლთა მცირე ჯგუფით ათამდე იერიში მოიგერია. პირადად ნოემ გაანადგურა მოწინააღმდეგის ერთი ტანკი და 200 ჯარისკაცი და ოფიცერი. ამ მამაცობისთვის მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. 

Книги на полке - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2019
ევროპული ლეგენდების გმირი მეფე დავით აღმაშენებელი და დიდგორით გადიდგულებული ქართველები

სახელოვანი მფრინავის, ფაშისტთა საჰაერო ძალების რისხვის, „ცის შევარდნად“ აღიარებული ჭიჭიკო ბენდელიანის სახელი და საქმეები კი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. ერთხელ კიევის დასაბომბად დაძრულ „მესერშმიტებსა“ და მათ დასაზღვევად გამოგზავნილი 20 გერმანულ „იუნკერსს“ ოთხმა მფრინავმა გადაუღობა გზა მოძველებული B-16-ით. მათ შორის იყო ჭიჭიკო ბენდელიანიც. და მტრის ექვსი თვითმფრინავი თვალის დახამხამებაში დაენარცხა მიწას. კიევი იმ დღეს დაბობვას გადაურჩა...

სულ 410 საბრძოლო გაფრენა მოასწრო ჭიჭიკო ბენდელიანმა. 85 საჰაერო შეტაკებაში მტრის 30 თვითმფრინავი ჩამოაგდო. ქართველმა კამიკაძემ არაერთხელ განახორციელა საჰაერო ტარანი. მამაც ქართველს მაიორის წოდება მიანიჭეს.

1944 წლის 20 ივლისს, პოლონეთის საზღვართან გამართული ბრძოლებისას, უკანასკნელი გაფრენა შეასრულა 30 წლის ვაჟკაცმა. მაშინ ერთი დღით შეწყდა საბრძოლო გაფრენები — იმ დღეს უკრაინის მიწას მიაბარეს მამაცთა შორის უმამაცესი მფრინავი...

1941 წლის დეკემბერში ყირიმის დაცვის ოპერაციაში ჩაერთო 224-ე ქართული მოტომსროლელი დივიზია, რომელი ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული.

26 წლის გრიგოლ სხულუხია გერმანელებმა ტყვედ ჩაიგდეს. მაგრამ ვერ მიიღეს მისგან ცნობები. მაშინ ქართველ ვაჟკაცს საღად დარჩენილი მარცხენა ხელიც მოტეხეს, შემდეგ კი ტანსაცმელი გახადეს და ზურგზე ხუთქიმიანი ვარსკვლავი ამოჭრეს. მერე გაკოჭილი ნაკვერჩხალში ჩააგდეს და მაშინაც რომ არ გატყდა, ზემოდან ჩალა დააყარეს, ბენზინი დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. 

გორაკზე აღმართული ქართული დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2020
ქართველებს სხვისი ზურგის ცქერა წესად არ გვაქვს, ანუ რაში ვართ პირველები

1943 წლის ოქტომბერში სერჟანტი ლავრენტი ავალიანი (ქუთაისი, სოფელი გუმათი) მელიტოპოლის მისადგომებთან იბრძოდა. ერთ-ერთი შეტევის დროს ავალიანი მოწინააღმდეგის სანგარში შეიჭრა და ხელჩართულ ბრძოლაში 18 ჰიტლერელი გაანადგურა.

მეორე დღეს ხუტორ კანდსკისთან კონტრშეტევის მოგერიებისას ავალიანმა ხელყუმბარებით მწყობრიდან გამოიყვანა მტრის სამი ტანკი, ხელის ტყვიამფრქვევით გაანადგურა მტრის 150-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი. როდესაც ტყვია-წამალი გაუთავდა, ფინური დანით შეიჭრა მტრის რიგებში და ხელჩართულ ბრძოლაში 12 ფაშისტი გამოასალმა სიცოცხლეს. თვითონაც გმირულად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

სევასტოპოლისთვის ბრძოლაში ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლის მკვიდრმა, ანაპის 414-ე ქართული დივიზიის მეომარმა გრიგოლ სამხარაძემ ერთ ბრძოლაში ტყვიამფრქვევით 160-მდე ჰიტლერელი გაჟლიტა.

კავკასიისათვის წარმოებულ ბრძოლებში ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვრის მკვიდრმა, მეტყვიამფრქვევე გიორგი სიამაშვილმა ორასზე მეტი ჰიტლერელი გაანადგურა და მოწინააღმდეგის ერთი ბომბდამშენი ჩამოაგდო.

1943 წლის 28 იანვარს უმცროსი ლეიტენანტი, ბოლნისის რაიონის წითელსოფლის მკვიდრი ვასილ პეტრიაშვილი ამბრაზურას გადაეფარა და თავის ოცეულს საკუთარი სიცოცხლის ფასად გაუხსნა გზა.

სხვათა შორის, პეტრიაშვილმა ეს გმირობა ალექსანდრე მატროსოვზე 26 დღით ადრე ჩაიდინა... 

სამწუხაროდ, უამრავი „ღიმილის ბიჭი“, პირტიტველა ქართველი ისე დაიღუპა იმ ომში, რომ არც საფლავი ეღირსა და არც მათი გმირობის ამბავი შემორჩა მატიანეს. თუმცა ისტორიის ფურცლებმა შემოინახა სხვა დიდებულ ქართველთა უმაგალითო გმირობა და ლეგენდარული ფრაზა, რომელიც ყველაზე უკეთ გადმოგვცემს ოთხწლიანი ეპოპეის არსს:

„ჩვენ ოციოდე გაზაფხული ვიკმარეთ ჩვენთვის, დანარჩენი კი სამშობლოსათვის შეგვიწირია...“

 

ყველა ახალი ამბავი
0