03:24 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (296)
53 0 0

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე გაზაფხულის ბოლომდე სარემონტო სამუშაოები ჩატარდება.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

შეზღუდვები უკავშირდება აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის 6–14 კმ მონაკვეთზე სამშენებლო–სარემონტო სამუშაოებს, რის გამოც 31 მაისამდე სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის გზა სატვირთო ტრანსპორტისთვის დაიკეტება.

აღნიშნულ პერიოდში სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება თბილისის–სენაკი–ლესელიძისა და სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზებზე.

ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის სამტრედია–გრიგოლეთის მეორე მონაკვეთზე მიდის მუშაობა. პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, სამი სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის ამაღლების, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა. 

სამტრედია–გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთი გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

სამტრედია–გრიგოლეთის გზის მშენებლობა აღმოსავლეთი–დასავლეთის სატრანზიტო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში ხორციელდება. 

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (296)

მთავარი თემები