თბილისი, 5 მარტი — Sputnik. იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მკურნალობას რომის ერთ-ერთ საუკეთესო ინფექციურ კლინიკაში გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნათქვამია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალგაზრდა ქალი თავად დაუკავშირდა იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე და განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. საქართველოს საკონსულო, თავის მხრივ, დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და, გუშინ მიღებული პასუხის თანახმად, ქალს COVID-19 დაუდგინდა. ის ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა და ინფორმაცია პირადად მისგან მიიღო.
შეხვედრაზე დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს პაციენტის დროული გამოჯანმრთელებისთვის.
„ახლახან შევიტყვეთ, რომ ვიტერბოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ქართველი სტუდენტი პოზიტიური გამოდგა ტესტზე. რა თქმა უნდა, ამ ამბის შემდეგ უნივერსიტეტი დროებით დაიხურა და იქ სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დარწმუნებული ვართ, ქართველი სტუდენტი მალე გამოჯანმრთელდება და ვენდობით ჩვენი მედპერსონალის გამოცდილებას", – აღნიშნა იტალიის ელჩმა.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ორს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორს კი – იტალიაში.
ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა>>
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 95 425 კაცს შეადგენს. აქედან 80 410 შემთხვევა მატერიკულ ჩინეთზე მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ჩინეთის შემდეგ, პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ კორეა (5 766 ადამიანი), იტალია (3 089), ირანი (2 922) და იაპონია (331). სულ გარდაცვლილია 3 286 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 53 299 პაციენტი.