თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. კორონავირუსით დაავადებული „საქართველოს ბანკის“ სანზონის განყოფილებაში მუშაობდა, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ბანკის პრეს–სამსახურის წარმომადგენელმა ნინი ფოფხაძემ.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა>>
საქართველოში პარასკევს კორონავირუსით დაავადების მეორე შემთხვევა დადასტურდა. დაავადებულია 31 წლის ქალი, რომელიც იტალიიდან 26 თებერვალს დაბრუნდა. სამედიცინო დახმარებისთვის მან მხოლოდ მეორე დღეს მიმართა. ახლა სპეციალისტები არკვევენ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულს.
„დაინფიცირებული ნამდვილად ჩვენი თანამშრომელია. ის იტალიიდან 26 თებერვალს დაბრუნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკვე დადგენილია ყველა პირი, ვისთან მას ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე ყველა აუცილებელი პროცედურა ხორციელდება“, – განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
ამასთან, უცნობია, რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი დაინფიცირებულ პირს. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებშში ადამიანებს კარანტინში აგზავნიან.
საქართველოში კორონავირუსით დაავადების სულ ორი შემთხვევა გამოვლინდა. პირველი 50 წლის მამაკაცია, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის მოქალაქეებს უკვე მოუწოდა, თავი შეიკავონ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ირანსა და იტალიაში წასვლისგან. კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით საქართველოში საგანგებო ზომებს იღებენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. გადაწყდა ორი კვირით ირანთან სახმელეთო მიმოსვლის აკრძალვა.
მანამდე ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ 16 პაციენტი რჩება>>
2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.