თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 16 პაციენტი იმყოფება და კიდევ 5-6 ახალი პაციენტის შემოყვანას ველოდებით, განაცხადა კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია „პალიტრასთან" ინტერვიუში.
მისი სიტყვებით, 21-დან 13 პაციენტის ტესტის შედეგი ცნობილია – არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა კორონავირუსი.
„ამ დროისთვის კლინიკიდან (კარანტინში) უკვე გადაყვანილია ექვსი პაციენტი, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 16 პაციენტი რჩება. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენი ინფორმაციით, კიდევ 5-6 პაციენტი უნდა შემოვიდეს. დღეს ჩვენ 13 პაციენტის პასუხი მივიღეთ, არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ჩვენ კიდევ ხუთი პაციენტის პასუხს ველოდებით", – განაცხადა ენდელაძემ.
რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც დაუდასტურდა ვირუსი, ენდელაძის განმარტებით, იგი სრულიად იზოლირებულია.
„ის პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოქსში სრულ იზოლაციაში იმყოფება. ამიტომ საფრთხე იმისა, რომ იგი სხვა პაციენტებს გადასდებს, ფაქტობრივად არ არსებობს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია", – განაცხადა ენდელაძემ.
26 თებერვალს, საღამოს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საქართველოს 50 წლის მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.