თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ტიპის კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით იკრძალება ჩინეთიდან ცხოველების იმპორტი, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ჩინეთში 81-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი - 2744-ს. საქართველოს ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები გაითვალისწინა და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად ზომების მიღება დაიწყო.
„აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ცხოველების იმპორტის აკრძალვის გარდა, საქართველოს აეროპორტებში მოწმდება ყველა მგზავრი. გარდა ამისა, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია.
ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსი არ არის დაფიქსირებული. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ახალი ვირუსის გავრცელების თეორიული ალბათობა არსებობს, მაგრამ შანსი მინიმალურია.