თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ეპიდემიოლოგების ჯგუფი კორონავირუსთან დაკავშირებით დღეიდან საინფორმაციო კამპანიას იწყებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
თბილისის აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება მიმდინარეობს>>
საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციები და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის კუთხით ზომების მიღება დაიწყო. აეროპორტებში მგზავრების შემოწმების გარდა, იგეგმება სერიოზული საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მოსახლეობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ჩინეთიდან უკვე გადადებულია რეისები, როგორც ვიცი, 1 თებერვლამდე, მაგრამ ადამიანები შემოდიან სხვადასხვა სატრანზიტო ფრენებით, ყველაზე ხშირია სტამბულიდან ფრენა, დოჰადან და მრავალი სხვა ქვეყნიდან, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ჩინელები შემოვიდნენ", – განაცხადა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თქმით, ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ოთხიდან ხუთი ათასამდე ჩინელის შემოსვლა იგეგმება.
ამას გარდა, საქართველოში ჩინელები სხვადასხვა მნიშვნელოვან სამშენებლო ობიექტზე მუშაობენ, ამიტომ ხვალიდან ეპიდემიოლოგების ჯგუფი მოინახულებს ხარაგაულში აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალზე დასაქმებულებს. მათ სრულ ინფორმაციას მიაწვდიან კორონავირუსზე.
ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. ვირუსი უკვე გავრცელდა ჩინეთის საზღვრებს გარეთ. დაავადების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ტაილანდში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, კანადაში, ავსტრალიაში.
ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ექიმების განცხადებით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გაციება, ხველება, ყელის ტკივილი, მკერდში შეკუმშვის შეგრძნება. შეინიშნება პნევმონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ბრონქიტი. რისკის ჯგუფში არიან დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები.