თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს კორონავირუსზე ამოწმებენ, იუწყება პირველი არხი.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობა უცნობი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ ქალაქ უხანში, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 56 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი 1975-ს აღწევს.
საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციები და აეროპორტებში ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება დაიწყო.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის, თამარ დოლიძის თქმით, შემოწმებული მგზავრებიდან კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომი, მაღალი სიცხე არც ერთს არ დაუდგინდა.
მისივე განცხადებით, ქუთაისში მგზავრების შემოწმება გაგრძელდება, ვიდრე ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს.
„ჩვენი სამსახური ჩაერთო კორონავირუსის გამოვლენის საქმეში. ვამოწმებთ ყველას, ვისაც აქვს კონტაქტი იმ ქვეყნებთან, სადაც ვირუსი დაფიქსირდა. ამ ეტაპზე შემოწმებული გვყავს 10 მგზავრი. აქედან ზოგი თავისით მოვიდა და გვთხოვა, შეგვემოწმებინა, რადგან მათ გაიარეს ჩინეთში. არც ერთ მგზავრში საბედნიეროდ არ გამოვლინდა მაღალი ტემპერატურა და კორონავირუსი. ზოგადად, საქართველო ითვლება დაბალი რისკის ქვეყნად ამ ვირუსთან მიმართებით. ვიდრე საფრთხე იარსებებს, მსგავსი ტიპის შემოწმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაგრძელდება. ჩემი ჯგუფი 24-საათიან მორიგეობაში რჩება“, – აღნიშნა ექიმმა თამარ დოლიძემ.
საქართველოში ჩამოსულ ყველა მგზავრს თერმოსკრინინგი უტარდება, ანუ მათ დისტანციური თერმომეტრის მეშვეობით ტემპერატურას უზომავენ, ასევე ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას აკვირდებიან.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსის რისკი მაღალია. შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი უფრო გამკაცრდეს.
ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების ფაქტები დაფიქსირდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიასა და ტაილანდში.
„მაღაზიებში არ არის პური, წყალიც მთავრდება“ - როგორ ცხოვრობს ქართველი გოგო ჩინეთში >>
კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.