10:42 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1150)
238 0 0

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან რეკომენდაციებს ელოდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს, უნდა დააწესოს თუ არა სპეციალური კონტროლი აეროპორტებში, რათა აღკვეთოს ქვეყანაში ვირუსის გავრცელება.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის ახალი ტიპის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პანიკის საფუძველი არა აქვს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტს დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

ევროკავშირი ვითარებას აკვირდება: ახალი კორონავირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა>>

ამ დაავადებით დაინფიცირების შემთხვევები უკვე დადასტურდა სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაილანდში. სხვადასხვა ქვეყნის საავადმყოფოებში გაიგზავნა დირექტივები ინფექციის პროფილაქტიკისა და მასთან ბრძოლის საკითხებზე, მთელ მსოფლიოში გაძლიერდა ჩინეთიდან ჩასული ტურისტების შემოწმება. ჩინეთში ვირუსისგან რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ტიპი სხვა ქვეყნებშიც შეიძლება გავრცელდეს.

„დღეისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ჩინეთთან სავაჭრო ან სატრანსპორტო შეზღუდვებთან დაკავშირებით რაიმე სახის რეკომენდაციები არ არის. ჩვენ ვერ მივბაძავთ ჩრდილოეთ კორეას, რომელმაც საზღვარი ყველა ტურისტისთვის დაკეტა. ჩვენთვის რეალური რისკი, პრაქტიკულად, არ არსებობს, რადგან პირდაპირი რეისები უხანთან არა გვაქვს", – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, ჯანმო 22 იანვარს კომიტეტის თათბირს ჩაატარებს და გადაწყვეტს, რა რეკომენდაციები გასცეს ქვეყნებისთვის.

იმნაძემ განმარტა, რომ კორონავირუსები – ვირუსების დიდი ჯგუფია, რომლითაც ადამიანები ინფიცირდებიან. მისი განცხადებით, ეს ვირუსები, ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს და იწვევს რესპირატორულ დაავადებებს, მაგრამ პერიოდულად ახალი კორონავირუსები ჩნდება, რომლებიც ადამიანებზე ცხოველებიდან ვრცელდება.

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში გაურკვეველი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, დაავადების გამომწვევი კორონავირუსის ახალი ტიპი გახდა.

ჩინეთის გარდა, ვირუსის ახალი ტიპი ასევე დაფიქსირდა აშშ-ში, იაპონიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში. ახალი ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანმომ საგანგებო სხდომა მოიწვია.

დღეის მონაცემებით, სულ ოფიციალურად დარეგისტრირებულია დასნებოვნების 300-მდე შემთხვევა. აქედან ცხრა ადამიანი გარდაიცვალა. ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. ინფექციის ძირითადი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა და ხველება მცირე სისველით. სპეციალისტების გამოთვლით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, შესაძლოა, 1,7 ათას ადამიანს აღწევდეს.

კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1150)

მთავარი თემები